სირია-ისრაელი

ზედიზედ ორი ღამის განმავლობაში, სირიამ ისრაელი დამასკოზე იერიშების მიტანაში დაადანაშაულა

ისრაელის ავიაგამანადგურებლები საბერძნეთში ჩატარებულ საავიაციო საერთაშორისო წვრთნებზე, 2022 წლის 3 აპრილი.

სირიამ, ბოლო 24 საათში, ისრაელი დამასკოზე იერიშების მიტანაში მეორეჯერ დაადანაშაულა. სირიის სამთავრობო მედიის, SANA-ს მტკიცებით, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ "მოწინააღმდეგის რაკეტები" მოიგერია, თუმცა თავდასხმამ გამოიწვია მატერიალური ზიანი. 

ბრიტანეთში მოქმედმა ადამიანის უფლებათა სირიულმა ჯგუფმა თქვა, რომ სამიზნე იყო დედაქალაქის სამხრეთით მდებარე იარაღის საწყობი, რომელსაც სამთავრობო ძალები და ირანის მხარდაჭერილი ჯგუფები იყენებენ.

მეორე თავდასხმის ცნობამდე 24 საათით ადრე სირიულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელმა იერიშები მიიტანა დამასკოში მდებარე ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც დაშავდა ორი სამხედრო. უცნობია დაჭრილ სამხედროთა მდგომარეობა.

ხუთშაბათისა და პარასკევის იერიშები გასულ კვირებში ისრაელის მიერ ალეპოს აეროპორტზე განხორციელებულ ორ თავდასხმას მოჰყვა. ამ დარტყმების შედეგად აეროპორტის საფრენი ბილიკი დროებით დახურეს. გასული კვირების ერთ-ერთი იერიშის სამიზნე იყო იარაღის მიწისქვეშა საწყობი, რომელიც ნაირაბის სამხედრო აეროპორტის მიმდებარედ იყო. Reuters-სთან ისრაელის დაზვერვის ანონიმურმა წყაროებმა თქვეს, რომ ეს ობიექტი გამოიყენებოდა იმ მართვადი რაკეტების შესანახად, რომლებიც სირიაში ირანიდან საჰაერო გზით შემოდიოდა.

როგორც წესი, ისრაელის თავდაცვის ძალებში იერიშებზე კომენტარს არ აკეთებენ.

ისრაელს აღიარებული აქვს, რომ  სირიაში ირანთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების, როგორიცაა ჰეზბოლა, ბაზებზე იერიშები მიჰქონდათ. თუმცა, ისრაელის თავდაცვის ძალებში იერიშებთან დაკავშირებით კომენტარს იშვიათად აკეთებენ.

მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელმა აქ ირანის მარიონეტული დაჯგუფებებისა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სამხედრო ობიექტებზე ასზე მეტი იერიში მიიტანა. სირიის საჰაერო სივრცე დიდწილად კონტროლდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, თუმცა ისრაელი კვლავ აგრძელებს პერიოდულ იერიშებს.

კომენტარები