არჩევნები საბერძნეთში

საბერძნეთის პარლამენტი ულტრამემარჯვენე პარტიის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას მიემხრო

11 აპრილს ბერძენმა დეპუტატებმა უკიდურესი მემარჯვენე ბერძნულ-ნაციონალური პარტიის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას მხარი დაუჭირეს. საკანონმდებლო ინიციატივის მიზეზი პარტიის წევრების ნეონაცისტურ კრიმინალურ ორგანიზაციასთან “ოქროს გარიჟრაჟთან” კავშირი იყო.

ნაციონალური პარტია ორი წლის წინ დააარსა ყოფილმა დეპუტატმა ილიას კასიდიარისმა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება “ოქროს გარიჟრაჟში” მონაწილეობის გამო. დაჯგუფება 2020 წელს მკვლელობის, რასიზმის, ძალადობისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით კრიმინალურ ორგანიზაციად გამოცხადდა, თუმცა კასიდიარისმა ციხეში ყოფნისას  YouTube-ზე გამოქვეყნებული შეტყობინებებით მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მოპოვება მაინც მოახერხა.

საბერძნეთის პარლამენტმა თავდაპირველად თებერვალში მიიღო კანონმდებლობა, რომელიც კრძალავდა ბერძნულ-ნაციონალურ პარტიას იმ მოტივით, რომ მისი ლიდერი სერიოზული დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი და რომ პარტია არ ემსახურებოდა დემოკრატიული სახელმწიფოს თავისუფალ ფუნქციონირებას, თუმცა პარტიამ გასულ კვირას ახალი ლიდერი, გადამდგარი პროკურორი დანიშნა, რათა აკრძალვისათვის თავი აერიდებინა.

პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმდებლობამ გააფართოვა აკრძალვის ფარგლები და მას მხარი დაუჭირეს როგორც მმართველმა ცენტრისტ-მემარჯვენე ახალი დემოკრატიის პარტიამ, ისე მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიამ.

საბერძნეთშოი საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის მაისშია დაგეგმილი. გამოკითხვები აჩვენებენ, რომ ბერძნულ-ნაციონალურ პარტიას შეუძლია ხმების დაახლოებით 4%-ის აღება, რაც 3 %-იანი ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში მანდატის მოპოვებისთვის საკმარისია.

"ფაშიზმი უნდა იყოს აშკარა, მოგიწოდებთ, სერიოზულად მოეკიდოთ ამას და შეუერთდეთ გონივრულ საკანონმდებლო პოზიციას, რომელიც არ არღვევს კონსტიტუციას და არ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მართლმსაჯულებით მანიპულირებენ." - თქვა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, მემარცხენე პარტიის წევრმა, ალექსის ციპრასმა.

მანამდე, 10 აპრილს სადავო საარჩევნო კანონპროექტის გამო უზენაესი სასამართლოს ვიცეპრეზიდენტი, მოსამართლე ქრისტეს ცანერიკოსი თანამდებობიდან გადადგა, მიზეზად კი სასამართლო სისტემაში ხელისუფლების ჩარევა დაასახელა. 

იმავდროულად, ბერძნების ეროვნული პარტიის ლიდერმა კასიდიარისმა Twitter-ზე აკრძალვას საზიზღრობა უწოდა.

"მაგრამ ის [აკრძალვა] მაინც გამოაღვიძებს მილიონობით საბერძნეთის მოქალაქეს, რომლებიც შეგნებულად ჩვენს მხარეს არიან. ამიტომ ჩვენ გავიმარჯვებთ." - დაწერა ულტრამემარჯვენე ლიდერმა.

უზენაესი სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას 5 მაისს გამართულ მოსმენაზე მიიღებს.

კომენტარები