ზურაბ აბაშიძე

აბაშიძე პოზნერის ღამის აქტივისტებს "ნამდვილი ნაცისტების ჯგუფს" უწოდებს – ფარული ჩანაწერი

ტაბულა

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ჩაიკოვსკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტთან, მარკ ზილბერკვიტთან საუბრისას ადამიანებს ვინც პოზნერის ვიზიტი გააპროტესტა, ნაცისტებს უწოდებს.

"საშინელი ისტორიაა. არ შემიძლია ტელეფონით გადმოგცე, თუ რა განვიცადე პირადად მე იმ ღამეს, რა განიცადეს ჩემმა ახლობლებმა იმ საათებში. არ ვიცი დღეს ნახე თუ არა – პრემიერმინისტრმა ისაუბრა ამაზე, იყო გამოსვლები პარლამენტშიც, მინისტრებმაც ისაუბრეს. ეს არის ნამდვილი ნაცისტების ჯგუფი. [...] კვერცხებს ისროდნენ, ეს ბარბაროსობაა. ეს არის რამდენიმე ათეული ადამიანის ჯგუფი, რომლებსაც სააკაშვილი მართავს. ესენი არიან ის ზონდერები, რომლებიც ასე უკვე მეორედ თუ მესამედ იქცევიან". - ამბობს ზურა აბაშიძე ჩანაწერში.


ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 2022 წლის 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა.

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნის გავლით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და იქ 06:00-მდე იმყოფებოდნენ. ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, მათ კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები