მაკდონალდსი

კობახიძე მაკდონალდსზე: ბუკლეტებში ბავშვებს შეაპარეს LGBT პროპაგანდა

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ელტონ ჯონს, როგორც ხელოვანს პატივს სცემს, თუმცა მაკდონალდსთან  "რა შუაშია ელტონ ჯონის შემოქმედება" ვერ ხვდება. 

როგორც კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, ბავშვებს ბუკლეტში ლგბტ პროპაგანდა შეაპარეს.

"ჩვენ ელტონ ჯონზე კი არ ვამბობთ უარს, ელტონ ჯონი არაჩვეულებრივი შემოქმედი, ხელოვანი კაცია, ძალიან დიდ პატივს ვცემთ, როგორც ხელოვანს. ბროშურა და კონცერტი რა შუაშია? ხვალაც მოვუწოდებ ყველას, რომ თუ სადმე იქნება კონცერტი, ამ კონცერტზე წავიდნენ. რა შუაშია ელტონ ჯონის შემოქმედება ამ ყველაფერთან? აქ საუბარია იმაზე, რომ ბუკლეტებში ბავშვებს შეაპარეს ლგბტ პროპაგანდა, კონკრეტული ჩანაწერები იყო, რომელიც ლგბტ პროპაგანდას შეიცავდა. ხვალ შეიძლება მეც წავიდე ელტონ ჯონის კონცერტზე".- თქვა კობახიძემ.

რამდენიმე დღის წინ, სამთავრობო ტელევიზია იმედის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ მაკდონალდსმა სექსუალური უმცირესობების პროპაგანდა დაიწყო. მაკდონალდსის საბავშვო მენიუზე მუსიკოსის, ელტონ ჯონის პირადი ცხოვრებისა და წარმატების გზის შესახებ იყო მონათხრობი.

საბავშვო წიგნს მმართველი პარტია და საპატრიარქო პროტესტით გამოეხმაურა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ამ გზით ბავშვებისთვის ლგბტ პროპაგანდის "შემოპარება" ხდება.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით კი, "რაც მთავარი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, მოზარდებთან მიმართებით ეს არის ვერაგული და შეფარული საქციელი მაკდონალდსის პასუხისმგებელი პირების მხრიდან. საუბარი ჯანსაღ საკვებზე კი, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი მზაკვრობა".

16 ივნისს მაკდონალდს საქართველოს Facebook-გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელშიც ადმინისტრაცია ელტონ ჯონზე წიგნის გამო ბოდიშს იხდიდა და "შეცდომას იზიარებდა". დაახლოებით ერთ საათში FB-პოსტი წაიშალა და ახალი განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც კომპანიამ ბოდიში "წინა პოსტის ბუნდოვანების გამო" მოიხადა და უსაფუძვლო უწოდა "პროპაგანდაზე" გავრცელებულ ბრალდებებს. 

კომენტარები