მაკდონალდსი

კალაძე მაკდონალდსზე: მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ხმა, ესაა სიბინძურის პროპაგანდა

თბილისის მერი კახა კალაძე მაკდონალდს საქართველოს მორიგი რესტორნის გახსნაზე. 2022 წლის ივლისი.  

თბილისის მერი კახა კალაძე მაკდონალდსის საბავშვო მენიუზე თანდართულ ბროშურას "სიბინძურის პროპაგანდას" უწოდებს. საუბარია პროგრამა Happy Meal Readers-ზე, რომლის ფარგლებშიც მათ შორის ელტონ ჯონის ცხოვრებასა და კარიერაზეა მოთხრობილი.

"როდესაც სიბინძურის პროპაგანდა ხდება, ამ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ვისგანაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს.

პირველ რიგში, ჩვენ, მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა. აქ საუბარია პატარებზე და, შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნისგანაც არ უნდა მოდიოდეს. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ და არ უნდა მივცეთ პროპაგანდის შესაძლებლობა" - თქვა კალაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


გასულ კვირაში სამთავრობო ტელევიზია იმედის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ მაკდონალდსმა სექსუალური უმცირესობების პროპაგანდა დაიწყო. 

საბავშვო ბროშურას მმართველი პარტია და საპატრიარქო პროტესტით გამოეხმაურა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ამ გზით ბავშვებისთვის ლგბტ პროპაგანდის "შემოპარება" ხდება. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით კი, "რაც მთავარი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, მოზარდებთან მიმართებით ეს არის ვერაგული და შეფარული საქციელი მაკდონალდსის პასუხისმგებელი პირების მხრიდან. საუბარი ჯანსაღ საკვებზე კი, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი მზაკვრობა".

16 ივნისს მაკდონალდს საქართველოს Facebook-გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელშიც ადმინისტრაცია ელტონ ჯონზე წიგნის გამო ბოდიშს იხდიდა და "შეცდომას იზიარებდა". დაახლოებით ერთ საათში FB-პოსტი წაიშალა და ახალი განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც კომპანიამ ბოდიში "წინა პოსტის ბუნდოვანების გამო" მოიხადა და უსაფუძვლო უწოდა "პროპაგანდაზე" გავრცელებულ ბრალდებებს. 

"ჰეფი მილის წიგნების (Happy Meal Readers) სერიაში სხვადასხვა პროფესიის ცნობილი ადამიანების ისტორიებს შეხვდებით, რომლებსაც დიდი ოცნებები ჰქონდათ. მათ ბევრი იშრომეს, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ და ლეგენდები გამხდარიყვნენ. Happy Meal readers-ი წარმოგიდგენთ ისეთი დიდი ადამიანების ცხოვრებას, როგორებიც არიან: ალბერტ აინშტაინი, მუჰამედ ალი, მარტინ ლუთერ კინგი, ელა ფიცჯერალდი და მრავალი სხვა.

Happy Meal Readers წიგნები გამოცემულია Frances Lincoln Children’s books-ის ლიცენზიით, არის საერთაშორისო, ყველა ქვეყნის მაკდონალდსისთვის ერთნაირი კონტენტით იბეჭდება ჩინეთში და ლიცენზიის პირობებით, დაუშვებელია მისი შინაარსის ან კონტექსტის შეცვლა.

სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გამოიცა მორიგი წიგნი, რომელიც ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, მომღერალისა და პიანისტის, სერ ელტონ ჯონის ისტორიას, მის წარმატებასა და მუსიკის სიყვარულზე მოგვითხრობს.

გვსურს, მოვუწოდოთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და მაკდონალდსის გუნდის ბრალდებაში, თითქოს რაიმე სახის პროპაგანდას ვეწევით.

ადამიანების ძალა არის მრავალფეროვნებაში. სამწუხაროა, როდესაც პროპაგანდა იყენებს ადამიანების სქესსა თუ ორიენტაციას მათი დისკრედიტაციისთვის, ამახინჯებს კონტექსტს და ხელს უწყობს ჩაგრულთა კიდევ უფრო ჩაგვრას" - დაწერა მაკდონალდს საქართველომ.

კომენტარები