მაკდონალდსი

პრემიერი მაკდონალდსზე: ლგბტ პროპაგანდა ამორალურია – მისასალმებელია ხალხის მძაფრი რეაქცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მაკდონალდსში, ბავშვებში ლგბტქ თემის პროპაგანდა ამორალურია. მისი თქმით, განმარტება, რომელიც რესტორნის ქსელმა გაავრცელა არაა საკმარისი და არგუმენტი, რომ ეს ყველაფერი გლობალური კამპანიის ნაწილი იყო, მიუღებელია. 

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ის საზოგადოების მზრიდან მძრაფრ რეაქციას მიესალმება. 

"რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში პოპულარული რესტორნის ქსელში მაკდონალდსში, სადაც მიმდინარეობდა ბავშვებში პროპაგანდა, ამორალური და მიუღებელია. მოვისმინეთ განმარტება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და ამიტომაც ჩვენთანაც უნდა მივიღოთ. ჩვენთან ეს არ მოხდება. ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რომ საზოგადოების რეაქცია იყო ასეთი  მძაფრი და ადეკვატური".- ამბობს ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას. 

რამდენიმე დღის წინ, სამთავრობო ტელევიზია იმედის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ მაკდონალდსმა სექსუალური უმცირესობების პროპაგანდა დაიწყო. მაკდონალდსის საბავშვო მენიუზე მუსიკოსის, ელტონ ჯონის პირადი ცხოვრებისა და წარმატების გზის შესახებ იყო მონათხრობი.

საბავშვო წიგნს მმართველი პარტია და საპატრიარქო პროტესტით გამოეხმაურა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ამ გზით ბავშვებისთვის ლგბტ პროპაგანდის "შემოპარება" ხდება.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით კი, "რაც მთავარი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, მოზარდებთან მიმართებით ეს არის ვერაგული და შეფარული საქციელი მაკდონალდსის პასუხისმგებელი პირების მხრიდან. საუბარი ჯანსაღ საკვებზე კი, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი მზაკვრობა".

16 ივნისს მაკდონალდს საქართველოს Facebook-გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელშიც ადმინისტრაცია ელტონ ჯონზე წიგნის გამო ბოდიშს იხდიდა და "შეცდომას იზიარებდა". დაახლოებით ერთ საათში FB-პოსტი წაიშალა და ახალი განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც კომპანიამ ბოდიში "წინა პოსტის ბუნდოვანების გამო" მოიხადა და უსაფუძვლო უწოდა "პროპაგანდაზე" გავრცელებულ ბრალდებებს. 

 

 

კომენტარები