საქართველოს პარლამენტი

წილოსანი რუსულ უნივერსიტეტზე: არ მახსოვს, ამერიკულ და ევროპულ ინსტიტუტებზე კითხვა დაგესვათ

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსულ ექსპანსიას "არაფერი და ვერაფერი ვერ დაადასტურებს." მისი თქმით, ამ ყველაფრის მიზანი ხალხში პანიკის დათესვა და აჟიოტაჟის გამოწვევაა. 

ამასთან წილოსანი ამბობს, რომ თუკი აღნიშნული მოსაზრება რაიმე ფორმით ფაქტს დაემსგავსება, მზადაა კომენტარი გააკეთოს. 

"ვერ ვხვდები მიზეზს, რატომ უნდა ვიმსჯელო ვიღაც ადაიანის მოსაზრება. თუ აღბიშნული რაღაც ფორმით დაემსგავსება ფაქტს, მზად ვარ გავაკეთო კომენტარი. 

თუ საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, ინსტიტუციების დაფუძნება გაინტერესებთ, არაერთი ევროპული, ამერიკული ინსტიტუტი და უნივერსიტეტი დაარსებულა და არ მახსოვს, რომ აღნიშნულ თემაზე რაიმე კითხვა გაგეკეთებინათ და დაგესვათ.

[...] არაფერი და ვერაფერი ვერ დაადასტურებს რუსულ ექსპანსიას საქართველოში. ყველას დეკლარირებული გვაქვს ანტირუსული და პროდასავლური პოლიტიკა. ამიტომ, ამ თემაზე საუბარი ერთადერთი ემსახურება იმას, რომ დათესოთ რაღაცა პანიკა და აჟიოტაჟი გამოიწვიოთ საზოგადოებაში".- თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა. 

საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ თქვა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი გაიხსნება. ამის შესახებ მან საქართველოში დაფუძნებულ რუსულენოვან მედიასთან რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.

კრემლისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს უნივერსიტეტის განსათავსებელი შენობის ძებნა. მისივე თქმით, სწავლა უფასო იქნება და ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს.

"ახლა კონკრეტულად განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნის საკითხი. ამ ეტაპზე ჩვენ ვეძებთ შესაბამის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულების განსათავსებლად. უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება - დაფინანსების ხარჯებს საკუთარ თავზე რუსეთის ფედერაცია აიღებს. ეს იქნება უნიკალური უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც სრულად დააკომპლექტებს რუსული მხარე. ვფიქრობ, სექტემბრის ბოლოსთვის გვექნება უფრო მკაფიო სურათი და გამოვაქვეყნებთ დეტალებს, რომლებიც ამ უნივერსიტეტს უკავშირდება". – თქვა ლორთქიფანიძემ.

ამას გარდა, ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს ქართულ-რუსული ურთიერთობის "რეანიმაცია". მისივე მტკიცებით, რუსეთის ბევრ მოქალაქეს საქართველოში ბიზნესის გადმოტანის სურვილი აქვს.

კრემლისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვლის, რომ ოფიციალურმა თბილისმა რუსეთთან ოკუპირებული ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები უნდა განიხილოს, დაიწყოს დიალოგი ტერიტორიული მთლიანობის "განსაზღვრაზე". მისივე აზრით, საქართველოს მთავრობას რუსეთთან ლაპარაკი მალე მოუწევს.

კომენტარები