საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ღარიბაშვილის ქონებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, კერძოდ: ნაციონალური მოძრაობა, პარტია მოქალაქეები და დამოუკიდებელი დეპუტატები, თამარ კორძაია, თეონა აქუბარდია და თაკო ჩარკვიანი ითხოვენ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის ქონებასთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

"ირაკლი ღარიბაშვილი არის დღევანდელი ხელისუფლების კორუმპირებულობის სიმბოლო და უკანონობის, თვითნებობისა და ხალხის ფულის მითვისების სახე. საქართველოს მოსახლეობისთვის უცნობი და დამალულია, თუ საიდან მოიპოვა ღარიბაშვილმა და მისმა ოჯახმა ამხელა ქონება, როგორ გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე, როგორ აფრენენ თავიანთ შვილებს საზღვარგარეთ, რა ხარჯებით ცხოვრობს ღარიბაშვილის შვილი ფილადელფიაში და ა.შ.

დღეს ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერები ევროპის უსაფრთხოებისა და პოლიტიკის კომიტეტის ელჩებს ხვდებიან. ჩვენ სწორედ დღეს მოვითხოვთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამისთვის საკმარისი ხელმოწერები უკვე შეგროვებული გვაქვს და ოცნების წარმომადგენლებმა ამ ელჩებს უპასუხონ, ისინი კორუფციის პრობლემებზე სასაუბროდ მზად არიან თუ არა. ჩვენ ამ კომისიის შექმნის საკითხს დავაინიცირებთ". - ნათქვამია საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები