კამბოჯა

კამბოჯის პრემიერი 38-წლიანი მმართველობის შემდეგ პოსტზე თავის ვაჟს ნიშნავს

კამბოჯის პრემიერმინისტრი, ჰუნ სენი
REUTERS

კამბოჯის ავტორიტარი ლიდერი, 70 წლის ჰუნ სენი 38-წლიანი მმართველობის შემდეგ პრემიერმინისტრის პოსტს ტოვებს და სახელმწიფოს მმართველად საკუთარ ვაჟს, ჰუნ მანეტს ნიშნავს.

"ხალხისგან მინდა ვითხოვო გაგება, რადგან პრემიერმინისტრობას აღარ გავაგრძელებ". - თქვა ჰუნ სენმა სახელმწიფო ტელევიზიის სპეცეთერში, რომელიც უკონკურენტო არჩევნებში მისი კამბოჯის სახალხო პარტიის ერთმნიშვნელოვანი გამარჯვებიდან სამი დღეში შედგა. 

მანვე დასძინა, რომ მოღვაწეობას პარტიის ლიდერად და ეროვნული ასამბლეის წევრად გააგრძელებს.

ახალ პრემიერს 10 აგვისტოს დანიშნავენ, 21 აგვისტოს ახლადარჩეული პარლამენტი შეიკრიბება, 22-ში კი მთავრობის ახალი კაბინეტი ფიცს დადებს.

45 წლის ჰუნ მანეტი 23 ივლისს გამართული არჩევნების კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. მამამისი 16-მილიონიანი ქვეყნის სათავეში 1985 წელს მოვიდა.

კომენტარები