კამბოჯა

გზის პირას ხალხმა რომ აღარ იცეკვოს, კამბოჯაში მანქანის მუსიკალური სიგნალი აიკრძალა

კამბოჯის დედაქალაქი პნომპენი, 2024 წლის 18 მარტი
Kith Serey/EPA

კამბოჯის პრემიერმინისტრმა, ჰუნ მანეტმა მანქანების მუსიკალური სიგნალების აკრძალვის შესახებ გასცა ბრძანება მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს როგორ ცეკვავს ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდები და ბავშვები, გზებზე ან გზების პირას სატვირთო მანქანების რითმულ სიგნალებზე.

ჰუნ მანეტმა, რომელმაც პრემიერის პოსტი მამის, ჰუნ სენის 38-წლიანი მმართველობის შემდეგ შარშან დაიკავა, მოუწოდა საზოგადოებრივი სამუშაოების და ტრანსპორტის სამინისტროსა და პოლიციას მთელი ქვეყნის მასშტაბით დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ნებისმიერი მანქანის წინააღმდეგ, რომლებსაც ჩვეულებრივი სიგნალი მუსიკალური სიგნალით აქვთ შეცვლილი.

ჰუნის თქმით, ღონისძიებები უკვე გაატარეს პროვინციების ხელისუფლებებმა, მაგრამ მას აკრძალვის საჯაროდ გამოცხადება სურდა დასარწმუნებლად, რომ ახალი ბრძანება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღსრულდება.

ორშაბათს მან გამოაქვეყნა Facebook-პოსტიც, რომლის მიხედვითაც, სოციალურ მედიაში ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა აჩვენა "შეუსაბამო აქტივობები, ჩადენილი ზოგიერთი ადამიანის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ბავშვების მიერ, რომლებიც გზის პირას სატვირთო მანქანების საყვირების მუსიკალურ ხმებზე ცეკვავენ".

ჰუნ მანეტმა თქვა, რომ მსგავსი ცეკვა გავლენას ახდენს საზოგადოებრივ წესრიგზე და წარმოადგენს სატრანსპორტო საშიშროებას, რაც საფრთხეს, განსაკუთრებით, თავად მოცეკვავეებს უქმნის.

კომენტარები