ჩინეთი

სი ძინფინგმა ჩინეთის ბირთვული ძალების ორი მეთაური შეცვალა

GETTY IMAGES

ჩინეთმა ბირთვული არსენალის მართვაში ჩართული ელიტური დანაყოფის ორი ლიდერი შეცვალა.

ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სარაკეტო ძალების დანაყოფის ხელმძღვანელი, გენერალი ლი იუჩაო და მისი მოადგილე, ლიუ კუანგპინი თვეების განმავლობაში "გაუჩინარებულები" არიან.

მათ შემცვლელებად სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ვანგ ხოუპინი და პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, სუ სიშენგი დასახელდნენ. ორივე მათგანი გენერალ-ლეიტენანტის წოდებიდან გენერლის წოდებამდე ამაღლდნენ.

ეს ათწლეულების განმავლობაში პეკინის სამხედრო მაღალჩინოსნების ცვლილების ყველაზე მოულოდნელი გადაწყვეტილებაა.

ოფიციალურ პეკინს ბირთვული ძალების ყოფილი ხელმძღვანელების გაუჩინარებასა და მათი თანამდებობებიდან მოხსნის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა გასულ კვირას South China Morning Post-ი წერდა, რომ ანტიკორუფციული სამსახური გენერალ ლის, მისი მოადგილისა და ასევე მისი ყოფილი მოადგილის, ჭანგ ჭენჭონგის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებდა.

გასულ კვირაში თანამდებობიდან გაათავისუფლეს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ კანგიც, რომელიც უკვე თვეზე მეტია საჯაროდ არ გამოჩენილა.

საკადრო გადაადგილებები სი ძინფინგის მთავრობაში არსებული სავარაუდო პრობლემების თვალსაჩინოებაა.

კომენტარები