აშშ-ვიეტნამი

POLITICO: ბაიდენი ვიეტნამთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმებას მოაწერს ხელს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩრდილოეთ ირლანდიაში

POLITICO-ს ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სექტემბერში ვიეტნამთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმებას მოაწერს ხელს, რითაც ჩინეთთან დაძაბულობის ფონზე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ამერიკის გავლენას კიდევ უფრო გაზრდის.

გამოცემა შეთანხმების შესახებ ინფორმაციის მქონე სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერის ცერემონია სექტემბრის შუა რიცხვებში, ბაიდენის ვიეტნამში ვიზიტის დროს გაიმართება.

შეთანხმების გაფორმება დროში ჰანოისა და პეკინს შორის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიული დავების ფონზე დაძაბულობის ზრდას ემთხვევა. ივლისის დასაწყისში, ფილმში გამოყენებული რუკის გამო, რომელზეც პარასელის კუნძულები ჩინეთის ტერიტორიას ეკუთვნის, ვიეტნამის კინოგაქირავებაში ბარბის ჩვენებაც კი აკრძალეს.

შეთანხმება 1995 წელს, ვიეტნამის ომის დასრულებიდან 20 წელიწადში ორ ქვეყანას შორის დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობის თანდათანობითი გაუმჯობესების კიდევ ერთი მაჩვენებელია.

2013 წელს, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ყოვლისმომცველი პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად აშშ-ს გავლენების ზრდისა, ვიეტნამის მხრიდან ჩინეთთან ღია დაპირისპირებას არ უნდა ველოდოთ. მეტიც, ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ოფიციალურ ჰანოის პეკინთან 1998 წელს აქვს გაფორმებული, რაც ჩინეთთან 1979 წლის სასაზღვრო კონფლიქტის შემდეგ წარმოებული პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელებაა. საბჭოთა დროიდან რუსეთთან არსებული ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით მსგავსი შეთანხმება უკვე 10 წელზე მეტია მოსკოვთანაც მოქმედებს. სავარაუდოა, რომ ვიეტნამი შესაბამისი მანევრირებებით სამივე პარტნიორისგან სარგებლის მიღებას შეეცდება.

სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმების შესახებ არც ჰანოიში და არც ვაშინგტონში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

კომენტარები