აშშ-ვიეტნამი

აშშ და ვიეტნამი – ომიდან ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე

აშშ-ვიეტნამი

აშშ და ვიეტნამი – ომიდან ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე

10 სექტემბერს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიეტნამში ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა. ბაიდენმა არ დაარღვია უკანასკნელი ორი დემოკრატი პრეზიდენტის ტრადიცია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა აშშ-ვიეტნამს შორის ურთიერთობის გაღრმავების პროცესში. 

ვიეტნამისთვის ეს სტატუსი განკუთვნილია მისი ყველაზე ახლო პარტნიორებისთვის და მას ამ დრომდე ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდა დამყარებული 4 ქვეყანასთან (რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა). მიმდინარე წლის სექტემბრიდან მათ რიცხვს აშშ-ც დაემატა, რაც ნიშნავს, რომ ვიეტნამის დიპლომატიურ იერარქიაში აშშ უკვე ჩინეთისა და რუსეთის სიმაღლეზე დგას. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა მიმართულებით შესაძლოა ველოდოთ აშშ-სა და ვიეტნამს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

ვიეტნამის სისხლიანი ომის შემდეგ აშშ-სთან ურთიერთობის ნორმალიზება 1995 წელს მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა კლინტონმა სავაჭრო ემბარგო მოუხსნა ვიეტნამს და ორივე ქვეყნის დედაქალაქში საელჩოები გაიხსნა. 

მას შემდეგ ურთიერთობა აშშ-სა და ვიეტნამს შორის მუდმივად ვითარდებოდა და ეს გამოიხატებოდა აშშ-ს მიერ გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებაში, ვაჭრობასა და ვიეტნამის ომში დაკარგული ამერიკელი სამხედროების საკითხზე თანამშრომლობაში. 

2013 წელს ობამას ადმინისტრაციის "Pivot to Asia" საგარეო პოლიტიკის თანახმად, რაც აზიის რეგიონში აშშ-ის ჩართულობის გაზრდას ითვალისწინებდა, აშშ ვიეტნამის ყოვლისმომცველი პარტნიორი გახდა. ურთიერთობის გაუმჯობესების დადასტურება იყო 2016 წელს,  ობამას მიერ  ვიეტნამისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვაზე აკრძალვის სრული მოხსნა, რომელიც პირველად ვიეტნამის ომის დროს დაწესდა. ეს ნაბიჯი ხაზს უსვამდა, რომ აშშ და ვიეტნამი არა მხოლოდ სავაჭრო, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც აღრმავებდნენ ურთიერთობას. 

ეკონომიკური თანამშრომლობა

ბაიდენმა და ვიეტნამის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, ნგუენ ფუ ჩონგმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განსაკუთრებული  ყურადღება ეკონომიკასა და ვაჭრობის განვითარებას დაუთმეს. 

ვიეტნამის ეკონომიკა 1995 წელთან შედარებით 18-ჯერ, ხოლო აშშ-სთან ვაჭრობა 2012 წლიდან 2022 წლამდე თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. 2022 წლის მონაცემებით, ვიეტნამი აშშ-ში საქონლის მე-6 უმსხვილესი იმპორტიორი იყო. ამასთან, ვიეტნამის ხელისუფლება ცდილობს ეკონომიკის მაღალტექნოლოგიურ სექტორებზე კონცენტრირებას, კერძოდ, ნახევარგამტარი ჩიპების წარმოების მიმართულებით. დღესდღეობით, ნახევარგამტარი ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელი ტაივანია, რომლის ინტეგრირებული ჩიპების ინდუსტრიამ 2021 წელს $145.7 მილიარდი შეადგინა, თუმცა, გეოპოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე, მრავალი სახელმწიფოს ინტერესშია მწარმოებლების დივერსიფიკაცია. ამავდროულად, აშშ ჩინეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე ცდილობს ჩინეთის ნახევარგამტარი ჩიპების ბაზარი სხვა წყაროებით ჩაანაცვლოს. 97 მილიონიანი მოსახლეობისა და იაფი მუშახელის მქონე ვიეტნამი კი ამ მხრივ, შესაძლოა, კარგი ალტერნატივა გამოდგეს. სწორედ ამის გამო ვიეტნამის ხელისუფლება აქტიურად ცდილობს ამავე სექტორში ინვესტიციების წახალისებას კომპანიებისთვის გადასახადების შემცირებითა და სხვა ბენეფიტებით. ამ მიმართულებით ვაჭრობის განვითარება, სარგებლის მომტანი იქნება როგორც ამერიკული კომპანიებისთვის, ასევე ვიეტნამის ეკონომიკისთვის. 

თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში

შორეულ პერსპექტივაში აშშ შეიძლება გახდეს ვიეტნამის შეიარაღების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი. დღესდღეობით ეს მარტივი წარმოსადგენი არაა, ვინაიდან ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული ვიეტნამის იარაღის მთავარი მიმწოდებელი ჯერ საბჭოთა კავშირი, ხოლო შემდეგ უკვე რუსეთია. SIPRI-ს მონაცემებით, 1995-2022 წლებში ვიეტნამის შეიარაღების იმპორტის 78% რუსეთიდან შემოდის. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული რუსეთიდან იმპორტი მკვეთრად შემცირდა და 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაწესებული სანქციების გამო რუსეთთან ვაჭრობა კიდევ უფრო რთული გახდა. ბაიდენისა და ფუ ჩონგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, რაც იმის ნიშანია, რომ ამ მიმართულებით ვაჭრობის განვითარება ორივე ქვეყნის სამუშაო მაგიდაზე დევს.

"ლიდერები მიესალმებიან დამატებით თანამშრომლობას თავდაცვის ინდუსტრიისა და ვაჭრობის სფეროში ორივე მხარის პირობების დაკმაყოფილებითა და ერთიანად შეთანხმებული მექანიზმებით. აშშ-ს სურს გააგრძელოს მხარდაჭერა თვითმყოფადი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში ვიეტნამის საჭიროებებიდან და უკვე დამკვიდრებული მექანიზმებიდან გამომდინარე". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბაიდენის ადმინისტრაცია ვიეტნამთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ვიეტნამისთვის F-16-ის ტიპის მოერიშე თვითმფრინავების მიყიდვასთან დაკავშირებით, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში უმსხვილესი იარაღის გადაცემა იქნება (თეთრმა სახლმა და ვიეტნამის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარი თქვეს).

ამასთან ერთად, აშშ-ვიეტნამს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივის განხილვისას მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ვიეტნამის ე.წ. „სამი არა“-ს თავდაცვის პოლიტიკაზე, რაც გულისხმობს, რომ ვიეტნამი არ გაწევრიანდება არცერთ სამხედრო ალიანსში, მის ტერიტორიაზე არ განთავსდება უცხო სახელმწიფოების სამხედრო ბაზები და არ იმოქმედებს რომელიმე სახელმწიფოსთან ერთად მესამის წინააღმდეგ. „სამი არა“-ს პოლიტიკა გათვლილია შეძლებისდაგვარად ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებისკენ და ერთი შეხედვით აშშ-სთან აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით მანევრირების დიდ სივრცეს არ ტოვებს. თუმცა, 2019 წელს ვიეტნამის მიერ გამოქვეყნებული ეროვნული თავდაცვის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „გარემოებებიდან და კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე, ვიეტნამი განიხილავს აუცილებელი და სათანადო თავდაცვითი და სამხედრო ურთიერთობების განვითარებას სხვა სახელმწიფოებთან“. აღნიშნული ჩანაწერი ვიეტნამის მაქსიმალურად ნეიტრალური პოზიციის მიუხედავად ტოვებს აშშ-სთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, თუ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთისგან მომდინარე საფრთხე გაიზრდება. 

მიუხედავად ბევრი შესაძლებლობისა, ვიეტნამს მოუწევს ფრთხილი პოლიტიკის წარმოება აშშ-სთან, ვინაიდან იდეოლოგიური და კულტურული მოკავშირეობის მიუხედავად, ჩინეთი მზად იქნება გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები და „დასაჯოს“ ვიეტნამი მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედების შემთხვევაში. ჩინეთს მასზე ეკონომიკურად დამოკიდებულ სახელმწიფოზე ზეწოლის მეთოდები ადრეც გამოუყენებია. 2016 წელს ჩინეთმა ეკონომიკური სანქციები დაუწესა სამხრეთ კორეას, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის მაღალი სიმაღლის ტერმინალური საჰაერო თავდაცვის სისტემების (THAAD) განთავსების გადაწყვეტილება მიიღო, თანაც, არა ჩინეთიდან, არამედ ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ. ჩინეთის სანქციებმა დიდი ეკონომიკური ზიანი მიაყენა სამხრეთ კორეის მომსახურების სექტორსა და მის ექსპორტს ჩინეთში. ჩინეთი, როგორც სამხრეთ კორეის, ასევე ვიეტნამის მთავარი სავაჭრო პარტნიორია და, შესაბამისად, აქვს საკმარისი ეკონომიკური ბერკეტი, რათა ზეწოლა მოახდინოს ვიეტნამის ხელისუფლებაზე და შესაძლებელია, ეს გახდეს ერთ-ერთი დაბრკოლება აშშ-სა და ვიეტნამს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაში.

ორი სუპერძალა, ერთი ვიეტნამი

ერთი შეხედვით, უცნაურად შეიძლება ჩანდეს, თუ როგორ შეიძლება ვიეტნამს ჰქონდეს უმაღლესი დონის დიპლომატიური ურთიერთობა ერთდროულად ჩინეთთან და აშშ-სთან, დიდი სახელმწიფოები, რომლებსაც ერთმანეთისგან სრულად განსხვავებული ინტერესები აქვთ და ერთმანეთის მეტოქეები არიან რეგიონში.

ცივი ომიდან მოყოლებული ჩინეთი ვიეტნამის იდეოლოგიური მოკავშირეა და დღემდე მისი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2022 წლის მონაცემებით, ჩინეთსა და ვიეტნამს შორის ვაჭრობამ $175.7 მილიარდი შეადგინა, მეორე ადგილზეა აშშ - $123.8 მილიარდით. ამასთან, ვიეტნამი ჩინეთთან 1300 კილომეტრის სიგრძის საზღვარს იყოფს. ამ მხრივ, გასაგებია, რატომ შეიძლება იყვნენ ჩინეთი და ვიეტნამი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორები და ყველა ეს ფაქტორი მიანიშნებს იმას, რომ ჩინეთის მთავარ კონკურენტთან ვიეტნამის დაახლოება რთული ამოცანა იქნება. ამრიგად, ბაიდენის ვიზიტს ჰანოიში და აშშ-ვიეტნამის ურთიერთობის ახალ საფეხურზე აყვანას პეკინი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება. 

მართალია ვიეტნამს აშშ-სთან მძიმე წარსული აქვს, რაზეც ჩინურ მედიასა და ექსპერტებს უყვართ აპელირება, თუმცა, ჩინეთ-ვიეტნამის ურთიერთობაშიც არაერთი დაბრკოლება არსებობს. 

მაგალითად, 1979 წელს, ვიეტნამის მიერ კამბოჯაში შეჭრასა და პროჩინური ხელისუფლების დამხობას ჩინეთის შეიარაღებული ძალების ვიეტნამზე თავდასხმა მოჰყვა და ომი ერთ თვეს გაგრძელდა. 

დღესდღეობით, ჩინეთ-ვიეტნამის ურთიერთობაში მთავარი პრობლემა ტერიტორიული დავაა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. სამხრეთ ჩინეთის ზღვა მდიდარია ზღვის პროდუქტებით და სასარგებლო წიაღისეულით, კერძოდ ნავთობითა და ბუნებრივი აირით. ამასთან, კომერციული თვალსაზრისით სამხრეთ ჩინეთის ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ადგილია, ვინაიდან ის აკავშირებს აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიას დანარჩენ ევრაზიასა და აფრიკასთან და მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 20% სწორედ აქ გადის. სწორედ ამიტომ, სამხრეთ ჩინეთის ზღვის კონტროლი საუკუნეების მანძილზე დიდი სახელმწიფოების მნიშვნელოვან ამოცანად რჩებოდა. დღესდღეობით სამხრეთ ჩინეთის ზღვა ტერიტორიული დავებისა და დაძაბულობის უშრეტი წყაროა. რეგიონის თითქმის ყველა სახელმწიფოს აცხადებს პრეტენზიას აქაურ პატარ-პატარა კუნძულებზე. 

ამ მხრივ გამონაკლისი არც ვიეტნამი და  ჩინეთია. ჩინეთი მისი ცნობილი „9-პუნქტიანი ხაზით“ თითქმის მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვას საკუთარ ისტორიულ ტერიტორიად აცხადებს. ვიეტნამი კი სპრატლისა და პარასელის კუნძულებს საკუთარ ტერიტორიად თვლის. 1974 წელს ვიეტნამმა ჩინეთთან დაპირისპირების შედეგად დაკარგა კონტროლი პარასელის კუნძულებზე, თუმცა დღემდე საკუთარ ტერიტორიად აღიარებს. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში  კუნძულების კონტროლი მნიშვნელოვანია, ვინაიდან საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს საკუთარი ტერიტორიიდან 200 საზღვაო მილის გარშემო შეუძლიათ ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის შექმნა, სადაც წიაღისეულის მოპოვება და თევზაობა მხოლოდ მათ შეეძლებათ. 

2014 წელს ჩინეთმა ნავთობის ჭაბურღილი განათავსა პარასელის კუნძულებთან, რაც ვიეტნამის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში შედის. ამან სიტუაცია დაძაბა, რომელიც კიდევ უფრო გაძაფრდა ჩინურ გემთან შეჯახებისას ვიეტნამური სათევზაო ნავის ჩაძირვის შემდეგ. ინციდენტმა ხელი შეუწყო ვიეტნამში მასობრივი ანტი-ჩინური აქციების გამართვას, რასაც ჯამში, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა. ამ შემთხვევამ დიდი ზიანი მიაყენა ვიეტნამისა და ჩინეთის ურთიერთობებს და კიდევ შეუწყო ხელი ვიეტნამის აშშ-სთან დაახლოებას. ამავდროულად, 2014 წლის ინციდენტის შემდგომ წლებში ვიეტნამმა გააფორმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ჯერ ინდოეთთან 2016 წელს, ხოლო შემდგომ სამხრეთ კორეასთან 2022 წელს, რაც იმის ნიშანია, რომ ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის მიუხედავად, ვიეტნამი ცდილობს საკუთარი მოკავშირეების დივერსიფიკაციას და ურთიერთობის გაღრმავებას სხვა ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებთან.

მიუხედავად ამისა, ვიეტნამი მაქსიმალურად ცდილობს ბალანსირებას დიდ სახელმწიფოებს შორის. ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებისას საერთო განცხადებაში აშშ-სა და ვიეტნამის ლიდერებს ჩინეთი არ უხსენებიათ. მეტიც, ბაიდენმა ხაზგასმით თქვა, რომ ამ პარტნიორობის მიზანი "ჩინეთის შეკავება არ არის". აშშ-ს კარგად ესმის ვიეტნამის ფრთხილი საგარეო პოლიტიკა, რასაც ასევე მოწმობს ის, რომ ბაიდენის ვიზიტამდე, ვიეტნამის პრემიერმინისტრი ჩინეთის პრემიერმინისტრს შეხვდა, ხოლო ვიეტნამის ლიდერი, ნგუენ ფუ ჩონგი ოქტომბერში ჩინეთს ეწვია, სადაც სი ძინფინგს შეხვდა და მხარეებმა ვიეტნამსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. 

დაბრკოლებები არსებობს აშშ-სა და ვიეტნამს შორის ურთიერთობაშიც. ომის მძიმე წარსულის გარდა, აშშ-ვიეტნამის ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემატური საკითხი ვიეტნამის კომუნისტური რეჟიმი და ადამიანის უფლებებია. ჩინეთის სახელმწიფო მედიაში ამას ხშირად აბანდებენ პროპაგანდაში. 

"იდეოლოგიური განსხვავებები წარმაოდგენს სტრუქტურულ პრობლემას ვიეტნამსა და ვაშინგტონს შორის, ხოლო სტაბილური და ახლო ურთიერთობა ჩინეთთან არის საკვანძო ფაქტორი ქვეყანაში სოციალიზმის წარმატებისთვის". – ვკითხულობთ ჩინური Global Times-ის სტატიაში. 

ვიეტნამი მართლაც არის სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული სახელმწიფო, სადაც უხეშად ირღვევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. Human Rights Watch-ის 2022 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვიეტნამი დევნის სამოქალაქო სექტორს, აქტივისტებსა და პოლიტიკურ ოპონენტებს. 

2021 წელს, სულ მცირე 32 ადამიანი გასამართლდა და მრავალი წლით პატიმრობა მიესაჯა სოციალურ ქსელში ხელისუფლების კრიტიკის გამო. ბოლო ათწლეულების მანძილზე ადამიანის უფლებები აშშ-სა და ვიეტნამს შორის დაძაბულობის მიზეზი არაერთხელ გამხდარა, თუმცა, ეს არ აღმოჩნდა დაბრკოლება 2013 წელს ყოვლისმომცველი პარტნიორობის გაფორმებისა და იარაღის ექსპორტის მოხსნისას. 

მიმდინარე წლის თებერვალშიც, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ჰანოიში ვიზიტისას ისაუბრა ადამიანის უფლებების შესახებ, თუმცა, ის არ შეხვედრია ვიეტნამის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ამჯერადაც, ორი ქვეყნის ლიდერების საერთო განცხადებაში ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებისას ხაზგასმულია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები. თუმცა, ამავდროულად, განცხადებაში წერია, რომ „ვიეტნამი ხაზგასმით აღნიშნავს რომ ერთმანეთის მდგომარეობის ურთიერთგაგება, ერთმანეთის ლეგიტიმური ინტერესების პატივისცემა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობა წარმოადგენს დიდი მნიშვნელობის მქონე ფუნდამენტურ ფაქტორებს ჩვენ შორის ორმხრივ ურთიერთობასა და მთლიანად საერთაშორისო ურთიერთობებში“. 

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სთვის ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობა მნიშვნელოვანია, რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში ვიეტნამის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აშშ ვალდებულია ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედოს. 

დაბრკოლებების მიუხედავად, აშშ-ს და ვიეტნამს შორის დიპლომატიური ურთიერთობის უმაღლეს საფეხურზე აყვანა ცალსახად პოზიტიური მოვლენაა, რაც თანამშრომლობის გაღრმავების საშუალებას იძლევა ბევრი მიმართულებით. ვიეტნამისთვის აშშ-თან ურთიერთობის გაღრმავება ეკონომიკურად მომგებიანია და ხელს უწყობს მისი ეროვნული თავდაცვის კონცეფციის რეალიზებას. ამავდროულად, ვიეტნამი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის შესაკავებლად და თუ აშშ-ს სურს “თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანეთის” პოლიტიკის გატარება, აუცილებელია მისთვის ვიეტნამთან თანამშრომლობა. 

კომენტარები