ლიტერატურული პრემია საბა

ელზა გურგენიძე რომანისთვის "ზაოდი" ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებული გახდა

მწერალი ელზა გურგენიძე 2023 წლის ლიტერატურული პრემია საბას ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

გურგენიძემ პრემია საბა რომანისთვის ზაოდი ნომინაციაში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში მიიღო.

"ზაოდი ქუთაისის ერთ-ერთ სამრეწველო გარეუბანს შეარქვეს საბჭოთა დროს და ეს სახელი შემორჩა ურბანულ ზეპირსიტყვიერებას, როგორც საბჭოთა ინდუსტრიის რუკაზე ჩაკარგული ფსევდო-ტოპოსი, ერთდროულად შემზარავიც და მომნუსხველიც, გამოუვალიც და გამოსავალიც.

სწორედ ეს ფსევდო-ტოპოსი აქცია ელზა გურგენიძემ რომანის მთავარ მეტაფორად. ზაოდი არის ადგილი, სადაც ეპიკური სიმძაფრით ვითარდება ტრაგიკომიკური მოვლენები. რომანი მოგვითხრობს ტოტალიტარული რეჟიმით ცნობიერება დაზიანებულ ადამიანებზე და სისტემასთან შეურიგებელ ტრაგიკული ბედის ინდივიდებზე.

ოსტატურად, ზომიერი იუმორით მოხელთებული ქუთაისური ატმოსფერო, თხრობის სილაღე, პერსონაჟების შთამბეჭდავი გალერეა – ეს და კიდევ მრავალი რამ ზაოდს სულმოუთქმელად საკითხავ რომანად აქცევს". – ვკითხულობთ წიგნის ანოტაციაში.

კომენტარები