გაეროს გენერალური ასამბლეა

ზელენსკი რუსეთზე: ტერორისტებს არ აქვთ უფლება, ფლობდნენ ბირთვულ იარაღს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, 2023 წლის 19 სექტემბერი
Politico

ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს. გაეროს წინაში სიტყვით წარსდგა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 

"უკრაინამ თავისი სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი დათმო. მაშინ სამყარომ გადაწყვიტა, რომ რუსეთი უნდა გამხდარიყო ამ ძალის მფარველი. მაგრამ შემდგომმა ისტორიამ დაამტკიცა, რომ მაშინაც კი, 1990-იან წლებში სწორედ რუსეთი იმსახურებდა განიარაღებას ყველაზე მეტად. რუსეთი განიარაღებას ახლაც იმსახურებს: ტერორისტებს არ აქვთ უფლება ფლობდნენ ბირთვულ იარაღს". – განაცხადა ზელენსკიმ.

თავის გამოსვლაში ზელენსკიმ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას გენოციდი უწოდა:

"ვცდილობთ ჩვენი ბავშვების სახლში დაბრუნებას, მაგრამ დრო მიდის. რა ელით მათ? ამ ბავშვებს რუსეთში უკრაინის სიძულვილს ასწავლიან. მათ დაკარგეს ყველანაირი კავშირი საკუთარ ოჯახებთან. ეს უტყუარად გენოციდია". 

გამოსვლის შემდეგ ზელენსკი ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე სამხედრო მაღალჩინოსნებს, კონგრესისა და სენატის წევრებს და ამერიკელ ბიზნესმენებს შეხვდება.

1994 წელს უკრაინა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას შეუერთდა. სიდიდით მესამე ბირთვულ არსენალს უკრაინა პრაქტიკულად ვერ იყენებდა, ვინაიდან ფუნქციონალური მართვა და გაშვების კოდები რუსულ მხარეს ჰქონდა დარჩენილი. ბირთვული ინფრასტრუქტურის განახლება კი კოლოსალური თანხა ჯდებოდა. რამდენიმე წლიანი მოლაპარაკების შედეგად უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დარჩენილი ბირთვული არსენალის ნაწილი რუსეთს გადასცა, ხოლო ნაწილი გაანადგურა. 

კომენტარები