ტერორისტული თავდასხმა

პაკისტანში მეჩეთთან აფეთქებას, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავებულია

პაკისტანში აფეთქებას, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია. ინფორმაცია BBC-ს ადგილობრივმა პოლიციამ დაუდასტურა.

აფეთქება ავღანეთის საზღვართან ახლოსმდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში, ქალაქ მასტუნგში ერთ-ერთ მეჩეთთან მოხდა, სადაც მომლოცველები რელიგიურ დღესასწაულთან, მუჰამედ წინასწარმეტყველის დაბადების დღესთან დაკავშირებით იყვნენ შეკრებილები.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აფეთქების უკან თვითმკვლელი ტერორისტი იდგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სამართალდაცველების თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავებულები ორ სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს.

ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. როგორც Reuters-ი აღნიშნავს, თავდასხმას წინ უძღოდა ბოლო თვეებში დასავლეთ პაკისტანში სამხედრო დაჯგუფებების თავდასხმები, რომელიც ქვეყანაში იანვრის თვეში ჩანიშნული არჩევნების წინ უსაფრთხოების რისკებს ქმნის.

კომენტარები