ნიუ-იორკი

ნიუ-იორკში რეკორდულად ძლიერი წვიმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Mike Segar/Reuters

ნიუ-ორკის შტატის გუბერნატორმა, ქეით ჰოჩულმა ქალაქ ნიუ-იორკის, ლონგ აილენდისა და ჰადსონ ველის ტერიტორიებზე "ექსტრემალური" ნალექის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისა და შინ დარჩენისაკენ მოუწოდა. 

29 სექტემბერს რეკორდულად ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, შენობები, სარდაფები. წყალმა შეაღწია მეტროსა და მანქანებშიც.

ნიუ-ორკის მერის, ერიკ ადამსის თქმით, მიწისქვეშა სარკინიგზო სისტემისა და ქუჩების დატბორვის გამო ქალაქში გადაადგილება უკიდურესად რთულია. 

როგორც 29 სექტემბრის ადამსმა CBS-ს უთხრა, მაშველებმა დატბორილი მანქანებიდან 15, ხოლო ბინების სარდაფებიდან 3 ადამიანი გამოიყვანეს.

დიდი დატვირთვის გამო პრობლემები შეექმნა ქალაქის საკანალიზაციო სისტემასაც. ნიუ-იორკის კლიმატის მთავარი ოფიცრის, როჰიტ აგარვალას თქმით, სისტემა ნაკლები რაოდენობის ნალექისთვისაა გათვლილი და შესაბამისად, არსებული შეფერხებები მოსალოდნელი იყო.

სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. გარდაცვლილთა და მძიმედ დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ეროვნული ამინდის სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბრის თვე 1882 წლის შემდეგ ყველაზე ნალექიანია. 

კომენტარები