ისლანდია

ისლანდიაში ათობით ათასი ქალი, მათ შორის, ქვეყნის პრემიერმინისტრი გაიფიცება

ისლანდიაში ათობით ათასი ქალი, მათ შორის, ქვეყნის პრემიერმინისტრი, კატრინ იაკობსდოტირი, გაიფიცება. "კვენფარი", იგივე ქალთა დასვენების დღე გენდერული სახელფასო სხვაობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გამოცხადდა.

როგორც BBC წერს, გაფიცვა განსაკუთრებით დააზარალებს იმ სფეროებს, სადაც დასაქმებულების უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ, კერძოდ, ჯანდაცვისა და განათლების სფეროს.

დაგეგმილი პროტესტი 1975 წლის შემდეგ ქალთა პირველი სრულდღიანი გაფიცვა იქნება. ამ წელს დასაქმებული ქალების დაახლოებით 90% გაიფიცა, რათა ხაზი გაესვათ ეკონომიკაში ქალების როლის მნიშვნელობაზე. გაფიცვის პასუხად ისლანდიის პარლამენტმა მომდევნო წელს თანაბარი ანაზღაურების კანონი მიიღო.

საპროტესტო მოძრაობის წევრებმა ქალებს და არაბინარულ ადამიანებს მოუწოდეს, სამშაბათს უარი თქვან ანაზღაურებად ან არაანაზღაურებად სამუშაო დღეზე, მათ შორის, საყოფაცხოვრებო სამუშაოებზე.

"მე ამ დღეს არ ვიმუშავებ, ველით, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრი ყველა ქალი ასევე მოიქცევა". - თქვა იაკობსდოტირმა.

იაკობსდოტირის თქმით, მისი მთავრობა იკვლევს, თუ როგორ ფასდება ქალების მიერ დომინირებული სფეროები იმ სფეროებთან შედარებით, სადაც ტრადიციულად მამაკაცები დომინირებენ.

ისლანდიის მასწავლებელთა გაერთიანების ცნობით, პედაგოგების უმრავლესობას განათლების სისტემის ყველა დონეზე ქალები წარმოადგენენ, მათ შორის, საბავშვო ბაღის მასწავლებლების - 94%-ს. ამავდროულად, ისლანდიის ეროვნული საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის თანამშრომელთა დაახლოებით 80% ქალია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მიხედვით, ზედიზედ 14 წელია, ისლანდია გენდერული თანასწორობის კუთხით მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნად სახელდება, ეკონომიკური თანამონაწილეობის რეიტინგში კი მე-14 ადგილზეა.

კომენტარები