ისლანდია

ისლანდიაში კიდევ ერთი ვულკანი ამოიფრქვა

ვულკანის ამოფრქვევა ისლანდიაში, 14 იანვარი, 2024
Iceland Civil Protection/Handout via REUTERS

14 იანვარს ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში ვულკანი ამოიფრქვა. ოფიციალური პირების თქმით, მიმდებარე ქალაქიდან ხალხის ევაკუაცია დროულად მოხერხდა, შესაბამისად, ვულკანის ამოფრქვევას ადამიანებისთვის საფრთხე არ შეუქმნია.

"საშიშროების ქვეშ არავის სიცოცხლე იყო, თუმცა, შესაძლოა, ინფრასტრუქტურას საფრთხე შეექმნას". - განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა.

გავრცელებული ცნობებით, ვულკანმა ამოფრქვევა მეთევზეების ქალაქ გრინდავიკთან შუადღით დაიწყო და შედეგად ქალაქში რამდენიმე სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

ეს ბოლო 30 დღის განმავლობაში ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის მეორე შემთხვევაა. მანამდე, 18 დეკემბრის ღამეს, ვულკანი ამავე ქალაქიდან 1.8 კილომეტრში ამოიფრქვა. მას წინ უსწრებდა მიწისძვრის მცირე ბიძგები. თუმცა, ამოფრქვევას ისლანდიელები რამდენიმე კვირის მანძილზე ელოდებოდნენ, რადგან მეტეოროლოგებმა ვულკანის ამოფრქვევის საწყისი პროცესები წინასწარ დააფიქსირეს.

ვულკანური ამოფრქვევები ისლანდიისთვის იშვიათობას არ წარმოადგენს. ისლანდია ვულკანურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს და ამოფრქვევა ყოველ 4-5 წელში ხდება.

კომენტარები