ტაილანდი

ტაილანდში კაცმა საკუთარ ქორწილში ცოლი, ცოლის და, სიდედრი და კიდევ ერთი სტუმარი მოკლა

ტაილანდელმა პარაათლეტმა და ყოფილმა სამხედრომ ქორწილის დღეს საკუთარი ცოლი, ცოლის და, სიდედრი და კიდევ ერთი სტუმარი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ინფორმაცია BBC-ს ადგილობრივმა პოლიციამ დაუდასტურა.

29 წლის ჩატურონგ სუკსუკი და 44 წლის კანჩანა პაჩუნთეკი შაბათს დაქორწინდნენ. გავრცელებული ცნობებით, სუკსუკმა ქორწილი მოულოდნელად დატოვა, შემდეგ კი ადგილზე იარაღით დაბრუნდა, რომლითაც ცოლი, 62 წლის სიდედრი და 38 წლის ცოლის და მოკლა. ასევე, ბრმა ტყვია მოხვდა ქორწილში სტუმრად მყოფ ორ ადამიანს, მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

როგორც პოლიციამ BBC-ს უთხრა, ჩატურონგი სროლის დროს "ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ" იმყოფებოდა, თუმცა, მისი მოტივი ამ დრომდე უცნობია. მათივე თქმით, ჩატურონგმა იარაღი და ტყვიები გასულ წელს ლეგალურად შეიძინა.

ტაილანდური მედია ქორწილში მყოფ სტუმრებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ წყვილს ქორწილის დროს კამათი ჰქონდათ, რასაც შემდეგ თავდასხმა მოჰყვა. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩატურონგი მასსა და კანჩანას შორის არსებულ ასაკობრივ სხვაობაზეც ღელავდა.

მათივე ცნობით, ჩატურონგი და კანჩანა ქორწინებამდე სამი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ.

კომენტარები