პოლიციელის დაჭრა

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

კაცს, რომელმაც 3 დეკემბერს სამოქალაქო პირი და გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაჭრა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისთვის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, 3 დეკემბერს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, გულმკერდისა და მხრების არეში, დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ბრალდებულს შეჩერებისკენ  მოუწოდეს და სიტუაციის განმუხტვა სცადეს, რა დროსაც, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს და დანა ფეხის არეში დაარტყა.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა.

კომენტარები