საქართველო-ჩინეთი

კობახიძე: ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ დარჩენა 30 დღე შეეძლებათ.

"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში 30 დღე დაჰყონ ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით.

ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი. მინდა, მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს და მადლობა გადავუხადო ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას ამ ძალიან მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის" - თქვა კობახიძემ.

საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ცალმხრივად, გასული წლის 11 სექტემბრიდან აამოქმედა. განკარგულებას ხელი მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. 

"მინდა ვთქვა, რომ საერთოდ, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან როგორც ერთერთი ყველაზე სასურველი ტურისტები, მთელ მსოფლიოში, ევროპაში, ამერიკაში, ყველგან. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენებიც, მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ამ საკითხზეც“,- განაცხადა ღარიბაშვილმა და ჩინეთის მთავრობის "ეფექტურობას" გაუსვა ხაზი.

კომენტარები