მალაიზიური ბოინგი MH370

მალაიზიამ შესაძლოა 10 წლის წინ გაუჩინარებული MH370-ის ძებნა განაახლოს

მალაიზიის ავიახაზების გაუჩინარებული MH370-ის მგზავრების ოჯახის წევრები და ნათესავები ქალაქ სუბანგ ჯაიაში გამართულ, თვითმფრინავის დაკარგვის 10 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, 2024 წლის 3 მარტი
FL Wong/AP

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის მიერ ინდოეთის ზღვაში სამძებრო სამუშაოების ჩატარების შეთავაზების შემდეგ, მალაიზიის მთავრობამ 3 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, 10 წლის წინ გაუჩინარებული MH370-ის ძებნა განაახლონ.

ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის, ენტონი ლოკის თქმით, ტეხასის შტატში დაფუძნებულმა კომპანია Ocean Infinity-მ ინდოეთის ოკეანეში, სავარაუდოდ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას, 2018 წელს, მათივე კომპანიის მიერ ჩატარებული სამძებრო სამუშაოების არეალის გაფართოება შესთავაზა. მისივე თქმით, კომპანია აყენებს პირობას, რომ თუ თვითმფრინავს ვერ იპოვიან, ძებნის ოპერაციის ხარჯების ანაზღაურებას არ მოითხოვენ.

ლოკმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის Ocean Infinity ქვეყანაში უკვე მიიწვია და შესაბამისი შეთანხმების შემთხვევაში, ის კომპანიასთან კონტრაქტის გასაფორმებლად კაბინეტისგან თანხმობას მოითხოვს.

"მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დაადგინოს, სად მდებარეობს MH370. დიდი იმედი გვაქვს, რომ ძებნის შედეგად ვიპოვით თვითმფრინავს". - თქვა მან თვითმფრინავის გაუჩინარების 10 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელსაც რეისის მგზავრების ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

ლოკს არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა იქნება სამძებრო სამუშაოების ღირებულება იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თვითმფრინავს იპოვის, თუმცა აღნიშნა, რომ სიმართლის გასარკვევად გაუჩინარებული რეისის ძიების საფასური დაბრკოლებად ვერ იქცევა.

Boeing 777 თვითმფრინავი, რომელიც მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა, რადარებიდან 2014 წლის 8 მარტს გაქრა. სატელიტური მონაცემებით დადგინდა, რომ აფრენიდან მალევე რეისმა კურსი შეიცვალა. სავარაუდოდ, თვითმფრინავი ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა. ბორტზე იმყოფებოდა 239 ადამიანი, ძირითადად ჩინეთის მოქალაქეები.

სამძებრო სამუშაოებმა, რომლებშიც მრავალი სახელმწიფო იყო ჩართული, თვითმფრინავის კვალს ვერ მიაგნო. ამ დრომდე აფრიკისა და ინდოეთის კუნძულებზე ბოინგის მხოლოდ რამდენიმე ნამსხვრევია ნაპოვნი. 2018 წელს Ocean Infinity-ის მიერ ჩატარებული ძიება ასევე უშედეგოდ დასრულდა. 

კომენტარები