რუსული კანონი

მილერი რუსულ კანონზე: მხოლოდ იმას ვიტყვი, ამ კანონს ათიათასობით ადამიანი აპროტესტებდა

მეთიუ მილერი
AP Photo

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ქართული ოცნების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობასთან" დაკავშირებული რუსული კანონპროექტის რეინიციირებას გამოეხმაურნენ და მმართველ პარტიას შეახსენეს, რომ გასულ წელს ამ კანონს ათიათასობით ადამიანი აპროტესტებდა.

ამას გარდა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზადაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საუბრების დაწყების პროცესში დაეხმაროს.

"ვნახეთ ცნობები, რომ განიხილავენ ამ კანონმდებლობის შესაძლებლობას და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათიათასობით ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საკუთარი ევროპული ამბიციები გაეჟღერებინათ და უარი ეთქვათ ამ კანონის მიღებაზე. საქართველოს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების საუბრების დაწყების ისტორიული შანსი და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოსთვის ამ პროცესში დახმარება." – თქვა სპიკერმა მეთიუ მილერმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

 
 
 
 

კომენტარები