საფრანგეთი

საფრანგეთში სკოლასთან 15 წლის მოზარდს სცემეს, ის მეორე დღეს გარდაიცვალა

AFP

საფრანგეთში, ვირი-შატილონში, სკოლასთან ახლოს 15 წლის მოზარდს მძიმედ სცემეს, რის შედეგადაც ის მეორე დღეს გულის შეტევით გარდაიცვალა.

ქალაქის მერმა, ჟან-მარი ვილენმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ მოზარდი მუსიკის გაკვეთილიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა თავს დაესხნენ.

თვითმხილველთა თქმით, ბალაკლავებში გადაცმული თავდამსხმელები მოზარდს მუშტებსა და წიხლებს ურტყამდნენ.

დამნაშავეების ვინაობა ჯერჯერობით არ არის დადგენილი. პოლიცია ბრალდებულთა ძიებას განაგრძობს და მათი იდენტიფიკაციის მიზნით CCTV კამერების ჩანაწერებს აანალიზებენ.

თავდასხმიდან მალევე ბიჭი პარიზის ერთ-ერთ საუკეთესო პედიატრიულ საავადმყოფოში, ნეკერის საავადმყოფოში, გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ვილენმა თავდასხმა "უაზროდ" და "ენით აღუწერლად" მოიხსენია და თქვა, რომ დასევდიანებული იყო.

"ასეთი ექსტრემალური ძალადობა ჩვეულებრივი ხდება". - თქვა ვილენმა.

მანამდე, ამ კვირაში, მონტპელიეში სკოლის გარეთ 13 წლის გოგოს დაესხნენ თავს. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ სკოლები უნდა "დაცული იყოს" "შეუზღუდავი ძალადობისგან ჩვენს მოზარდებს შორის და, ზოგჯერ, უფრო და უფრო ახალგაზრდებს შორისაც". 

კომენტარები