თბილისის აეროპორტი

ქარქაშაძე: 2029 წლისთვის უკვე უნდა გვქონდეს ახალი აეროპორტი და დავიწყოთ ტრანზიტული პერიოდი

გეგმის მიხედვით, რომელიც უფრო დამუშავებას და დაზუსტებას საჭიროებს, 2029 წლისთვის ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს ახალი აეროპორტი და დავიწყოთ ტრანზიტული პერიოდი, როდესაც თბილისის არსებულ აეროპორტს გადავიტანთ ახალ აეროპორტში.

შეირჩა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ყოფილი ტერიტორია, რომელიც დღეს საერთოდ არ ფუნქციონირებს. დღეს პრემიერმა გააჟღერა საბოლოო გადაწყვეტილება და ჩვენ შევდივართ აქტიურ ფაზაში. რაც ნიშნავს თბილისის ახალი აეროპორტის პროექტირებას და მშენებლობას. უახლოეს ხანებში გამოვაცხადებთ ვაზიანის აეროპორტის გენერალური გეგმის შემუშავებაზე ტენდერს.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროექტში ფინანსურ თანამონაწილეობას იღებს აზიის განვითარების ბანკი. ეს იქნება ძალიან ინტენსიური სამუშაოები და საკმაოდ ამბიციური განაცხადია იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი აეროპორტი არის 4.5 მლნ მგზავრის გამტარუნარიანობის და ჩვენ ვსაუბრობთ პირველი ფაზის ფარგლებში წელიწადში 10 მლნ მგზავრის გამტარუნარიანობაზე, საბოლოო პროექტი კი 20 მლნ მგზავრის გამტარუნარიანობას გულისხმობს.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე პრემიერის დაანონსებულ ახალ აეროპორტზე.

კომენტარები