ირანის თავდასხმა ისრაელზე

ისრაელი ირანისთვის ძლიერი პასუხის გაცემას გეგმავს რეგიონში ომის ესკალაციის გარეშე

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის ომის კაბინეტი ირანისთვის ძლიერი პასუხის გაცემას გეგმავს, თუმცა რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის თავიდან არიდება ასევე მათ მიზნებში შედის. როგორც ცნობილია, ისრაელის საპასუხო დარტყმა შესაძლოა რამდენიმე დღეში ვიხილოთ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა აშშ-ს წარმომადგენლებს შეატყობინა, რომ ისრაელს სხვა არჩევანი არ აქვს ირანისთვის პასუხის გაცემის გარდა. 

Channel 12-ის ცნობით, ომის კაბინეტმა 15 აპრილს გადაწყვეტილება მიიღო, რომ ისრაელის პასუხი "ცხადი და ძლიერი" იქნება, რომელიც გაავრცელებს იმ მესიჯს, რომ ისრაელი არ დაუშვებს ამ მასშტაბის თავდასხმის ჩავლას რეაქციის გარეშე. ასევე, ისრაელის ომის კაბინეტმა საპასუხო იერიშის მოსალოდნელ შედეგებზე იმსჯელა, სადაც შეთანხმდნენ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ ომის გავრცელების და კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასარიდებლად. 


14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% უვნებელყვეს.

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.

კომენტარები