რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში ისრაელისა და უკრაინის დახმარებას განცალკევებით განიხილავენ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი
Chip Somodevilla/Getty Images

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ საკანონმდებლო ქვედა პალატაში ისრაელისა და უკრაინის დახმარების კანონპროექტებს ამ კვირაში ერთმანეთისგან განცალკევებით განიხილავენ.

ჯონსონის თქმით, წარმომადგენელთა პალატაში ერთდროულად განიხილავენ ერთმანეთისგან განცალკევებულ 4 კანონპროექტს, რომლებიც ისრაელი-უკრაინის გარდა ტაივანისა და აშშ-ს ინდო-წყნაროკეანეთის მოკავშირეების დახმარებას, ასევე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებსაც მოიცავს.

"ვიცით, რომ მსოფლიო გვიყურებს, რათა იხილონ, როგორ მოვიქცევით. გვიყურებენ, რათა დაინახონ, დადგება თუ არა ამერიკა საკუთარი მოკავშირეებისა და ინტერესების გვერდზე მთელ მსოფლიოში. და ჩვენ ამას გავაკეთებთ." – თქვა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

ერთ-ერთი რესპუბლიკელი კანონმდებლის თქმით, მეოთხე კანონპროექტი, რომელიც ეხება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებს მოიცავს სოციალური ქსელი TikTok-ის აკრძალვასაც. ასევე, ამავე ნაწილში შედის რუსული აქტივების ჩამორთმევასა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების სახით გადაცემაც. თუმცა ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების კანონპროექტიდან ამოღებულია აშშ-მექსიკის საზღვარზე კონტროლის გამკაცრების ნაწილი, რაც რესპუბლიკელ და დემოკრატ კანონმდებლებს შორის წარმომადგენელთა პალატაში მთავარი სადავო საკითხი იყო. 


აშშ-ს სენატმა 13 თებერვალს გამართული კენჭისყრით დაამტკიცა 95.3 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების კანონპროექტი, თუმცა, ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, სადაც მის დამტკიცებას, დიდი ალბათობით, დაბრკოლებები შეექმნება.

მიღებული პაკეტი მოიცავს $60 მილიარდს უკრაინის, $14.1 მილიარდს ისრაელის, 4.8 მილიარდს კი ინდო-წყნარ ოკეანეთში პარტნიორების, მათ შორის, ტაივანის მხარდასაჭერად. კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია 9.2 მილიარდი დოლარი ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თქმით, კონგრესის ქვედა პალატას ვერ აიძულებენ, მიიღოს სენატის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს. 

როგორც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ კანონი არ მოიცავს აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხებს, რაც რესპუბლიკელებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

კომენტარები