რუსული კანონი

პაპუაშვილი: დღეს ვერ ამოვწურავთ განხილვას, 9 საათზე მოვრჩებით

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პლენარული სხდომა დღეს ვერ მორჩება, რადგან დარჩენილია უფრაქციო წევრების, პოლიტიკური ჯგუფებისა, ენმ-ს და უმრავლესობის წევრები გამოსვლები, რაც მისივე თქმით, 9 საათამდე ვერ მოესწრება.

"ყველა პოლიტიკური ჯგუფი გამოიყენებს დროს. თუ არ ვცდები, დაახლოებით 1.5 - 2 საათის საკითხი არის, შემდეგ უკვე ენმ-ს და უმრავლესობის დრო არის. ჩვენ ამ გრაფიკიდან გამომდინარე, დღეს ვერ ამოვწურავთ განხილვას, 1.5 საათი გვაქვს დარჩენილი დღევანდელი სხდომის ბოლომდე, 9-ზე მოვრჩებით....". - თქვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს, სადაც ადამიანები რუსულ კანონს აპროტესტებენ. 


15 აპრილს მოქალაქეები პარლამენტთან იურიდიული კომიტეტის პარალელურად შეიკრიბნენ, სადაც რუსული კანონი I მოსმენით მიიღეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს უფლება პარლამენტის გარშემო მსვლელობა მოეწყოთ, ასევე რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

5 აპრილს რუსულ კანონს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამავე დღეს, ევროპის 12 პარლამენტის საგარეო კომიტეტებმა ოცნებას მოუწოდეს, უარი თქვას რუსულ კანონზე.

განცხადება გამოაქვეყნა ევროპარლამენტართა ჯგუფმაც, სადაც წერია, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებს გადადგადმნენ, ხოლო რუსული კანონი მათ ეწინააღმდეგება.

კომენტარები