საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზმაუს თანამშრომელთა ნაწილი არხის ხელმძღვანელობას 21-დღიან ვადას აძლევს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვით იმუქრება. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების ზრდას ითხოვენ. მათი თქმით, არაერთხელ მიმართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას, თუმცა რეაგირება არავის მოუხდენია. მოამბის თანამშრომლებმა დღეს აქცია-ბრიფინგი გამართეს.

ტექნიკური ჯგუფისა და ჟურნალისტთა ნაწილი არხის ხელმძღვანელობას 21-დღიან ვადას აძლევს. მათი თქმით, თუ ხელმძღვანელობა არ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ისინი გაიფიცებიან. ასევე, შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროსგან ითხოვენ მედიატორის გამოყოფას, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებს თანამშრომლებსა და არხის ხელმძღვანელობას შორის.

ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელის გიორგი გვიმრაძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რის შემდეგაც თანამშრომელთა ნაწილს შესაძლოა მოემატოს ხელფასი, ნაწილმა კი შესაძლოა, სამსახური დატოვოს.

"ხელფასების მატებასთან დაკავშირებით უკვე განვაცხადე, რომ მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი. ამ რეორგანიზაციის პროცესში დადგინდება ანაზღაურებაც და, შესაბამისად, განისაზღვრება ადამიანის კვალიფიკაციის შესაბამისად ის რანგი, რომელ რანგსაც ისინი განეკუთვნებიან. რეაგირება არის ის, რომ ჩვენ რეორგანიზაციის პროცესში ვართ და უნდა გადაიხედოს ყველაფერი, მათ შორის, თანამშრომელთა რაოდენობა. ეს ინფორმაცია აქვთ თანამშრომლებს. ვიღაცებს შესაძლოა მოემატოთ ხელფასი, ვიღაცები შესაძლოა დაემშვიდობონ სამსახურს", - თქვა გიორგი გვიმრაძემ.

კომენტარები