ხანძარი სამებაში

სამებაში ხანძრის გამო, მთავრობამ საპატრიარქოს 3 737 400 ლარი გამოუყო

სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაციისთვის, საპატრიარქოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 737 400 ლარი გამოეყო. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენის და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 3 737 400 ლარი", - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს.

სამების საკათედრო ტაძარში, პირველ სართულზე ხანძარი 20 მარტს, საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა. დაიწვა სტამბის ტერიტორია - 1200 კვადრატული მეტრი ფართობი.

საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით საქართველოს მთავრობა საპატრიარქოს 25 მილიონი ლარით დააფინანსებს, ამ დახმარების შედეგად კი საპატრიარქოს ბიუჯეტი 28.7 მილიონ ლარს მიაღწევს.

კომენტარები