ლარის გაუფასურება

ქუმსიშვილი: ლარის გაუფასურება Brexit-ით არ ამიხსნია

ტაბულა

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის მტკიცებით, მას ლარის გაუფასურება Brexit-ით არ აუხსნია. ტაბულამ ქუმსიშვილს ჰკითხა - "ლარის გაუფასურებაზე თქვენ თქვით, რომ ეს არის ერთჯერადი გავლენა, რაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას უკავშირდება. მაგრამ ევროსთან მიმართებითაც რომ უფასურდება ლარი, ამას brexit-ით როგორ ახსნიდით?"

"მე არ ამიხსნია [ლარის გაუფასურება] brexit-ით, მე ავხსენი უბრალოდ, რომ brexit-მა გავლენა მოახდინა დოლარის გამყარებასა და ევროს გაუფასურებაზე. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ყოველ ჯერზე, ლარის ყოველდღიურ ცვლილებაზე კომენტარის გაკეთება არ არის სწორი, იმიტომ, რომ ეს არის თავისუფალი და ღია ბაზარი. შესაბამისად, ბაზარზე არის მოთხოვნა-მიწოდება და ბაზარზე ნამდვილად მოქმედებს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები. კვლავ მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, კომპანიებს, რომ არ ვითამაშოთ ვალუტის მოლოდინებზე, გადავახურდავოთ ვალუტა მაშინ, როდესაც ის ჩვენ გვჭირდება", - ამბობს ქუმსიშვილი.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლარის გაუფასურება დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგს 25 ივნისს დაუკავშირა. 

"ეს არის ერთჯერადი გავლენები, რომელიც მოხდა ევროკაშირიდან ბრიტანეთის გასვლიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება. თავისთავად, ეს აისახა ჩვენს ვალუტაზე. თუმცა, ამავე დროს, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაშინ იყიდონ და გაყიდონ ვალუტა, როცა ეს მათ სჭირდებათ. ძალიან ხშირად მოსახლეობა გადაწყვეტილებებს არასწორ დროს იღებს - როგორც წესი, ისინი ყიდიან ან ყიდულობენ ვალუტას ყველაზე ცუდ კურსში. ძალიან მინდა, ყველას ვთხოვო, მაშინ გადაახურდავოს ვალუტა, როცა ეს მათ სჭირდებათ, ყველანაირი მოლოდინების გარეშე", - თქვა ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, ათ დღეზე მეტია, ლარი როგორც დოლართან, ისე ევროსთან უფასურდება.

კომენტარები