საკონსტიტუციო სასამართლო

სამი მოსამართლე: პოლიტიკოსების მიზანი ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაციაა

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმაურება. კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე და მაია კოპალეიშვილი აცხადებენ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების სარჩელის რეგისტრაცია კანონის დაცვით, გამჭვირვალედ, პროცესში მონაწილე ყველა მოსამართლის თანაბარი ინფორმირებულობის პირობებში განხორციელდა. მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებების მიზანი, ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაციაა.

"საკონსტიტუციო სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვიკავებთ თავს პოლიტიკოსების განცხადებების შეფასებისგან. თუმცა, ამჯერად იძულებულნი ვართ, გამოვეხმაუროთ ქ-ნი ეკა ბესელიას, ბ-ნ გია ვოლსკის, ბ-ნი მამუკა მდინარაძის, შსს მინისტრის მოადგილის, ბ-ნი არჩილ თალაკვაძისა და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მედიით გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც ე.წ კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების სარჩელის რეგისტრაციის საკითხს უკავშირდება.

აღნიშნული საკითხი ამჟამად წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანს. მოსამართლეებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ პირველი კოლეგიის განმწესრიგებელ სხდომაში, საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში, სამუშაო პროცესში, მიიღონ დეტალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე, რაც სამუშაო პროცესს წარმოადგენს. ამავე დროს, პოლიტიკოსების მხრიდან დაუსაბუთებელი დასკვნების გაკეთება, ამ პროცესში ჩარევის მცდელობად შეიძლება შეფასდეს.

პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული დაუსაბუთებელი განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათ რეალურ მიზანს წარმოადგენს ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაცია, მათ მიმართ მუქარისა და შურისძიების მცდელობა, იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსა და მოსამართლეებზე განხორციელებული ზეგავლენის ფაქტებს უკავშირდებოდა.

პოლიტიკური თანამდებობის პირების საყურადღებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების სარჩელის რეგისტრაცია განხორციელდა კანონის დაცვით, გამჭვირვალედ, პროცესში მონაწილე ყველა მოსამართლის თანაბარი ინფორმირებულობის პირობებში. იმავდროულად, რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით დამატებით განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 3 ივნისს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, მოსარჩელეების წარმომადგენლებმა კონსტიტუციური სარჩელით საჯაროდ, მედიის თანდასწრებით, მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და განაცხადეს, რომ ასაჩივრებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლს (მითვისება ან გაფლანგვა). სარჩელის ფორმალური შემოწმების პროცესში, მოსარჩელეების წარმომადგენლებმა ითხოვეს დამატებითი დრო კონსტიტუციური სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაზუსტებლად, რის შედეგადაც რეგისტრაციის პროცესი შეჩერდა. რეგისტრაციის პროცესში, მით უფრო, მის დასრულებამდე, მოსარჩელეებს აქვთ კანონმდებლობით გარანტირებული შესაძლებლობა, დააზუსტონ, განავრცონ სასარჩელო განცხადება. არგუმენტაციის დამატების შესაძლებლობა მოსარჩელეებს აქვთ რეგისტრაციის დასრულების შემდგომშიც, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

8 ივნისს პირველი კოლეგიას ჩანიშნული ჰქონდა საქართველოს მოქალაქე - გიორგი უგულავას კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა, რომლითაც გასაჩივრებული იყო, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის იგივე 182-ე მუხლი. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დავის საგნის იგივეობის შემთხვევაში, სარჩელები, როგორც წესი, ერთიანდება ერთ საქმედ. სწორედ ამიტომ, ე.წ. კაბელების საქმეზე პირველად დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი სარჩელის ელექტრონული ვერსია, სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, ინფორმაციის სახით დუყოვნებლივ გაეგზავნა პირველი კოლეგიის ყველა წევრს ელექტრონული ფოსტით, რათა კოლეგიას მისცემოდა შესაძლებლობა, დროულად გაცნობოდა საქმეს.

მოსარჩელეეების წარმომადგენლების მიერ კონსტიტუციური სარჩელი საბოლოო სახით შემოტანილი იქნა იმავე დღეს (შუა დღისთვის), და მას მიენიჭა რეგისტრაციის ნომერი 764. ხოლო 4 ივნისს მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა ელექტრონული ფოსტით გამოაგზავნეს რეგისტრირებული სარჩელის ტექსტის ელექტრონული ვერსია, რომელიც საოგრანიზაციო სამსახურმა ასევე მიაწოდა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. სწორედ ამიტომ მოსამართლეებს ჰქონდათ ორი განსხვავებული ტექსტი - 3 ივნისს გამოგზავნილი ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი სარჩელის ტექსტი და 4 ივნისს გამოგზავნილი დარეგისტრირებული სარჩელის ტექსტი. როგორც უკვე აღინიშნა, 6 ივნისს კოლეგიის წევრებმა იმსჯელეს სარჩელის დასაშვებობაზე, მათ შორის, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. აღნიშნული მსჯელობის შედეგად, პირველი კოლეგიის წევრებმა, მოსამართლე მერაბ ტურავას ჩათვლით, მიიჩნიეს, რომ არ არსებობს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, რაც დასტურდება მიღებული საოქმო ჩანაწერით.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ე.წ კაბელების საქმეზე სარჩელით სადავოდ გამხდარი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) კონსტიტუციურობის საკითხი ისედაც იხილებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სხვა საქმის ფარგლებში. შესაბამისად, ე.წ კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების სადავოდ გამხდარი საკითხები შეფასდებოდა და გადაწყდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განურჩევლად იმისა, მიმართავდნენ თუ არა ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კონსტანტინე ვარძელაშვილის, ქეთევან ერემაძისა და მაია კოპალეიშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, ქართული ოცნების დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო რევოლუციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულეს. გიორგი ვოლსკი და ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების უკან საპარლამენტო უმცირესობის ინტერესებს ხედავენ. მათი მტკიცებით, "საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა წევრმა დაადასტურა, რომ საქმეთა განხილვის დროს ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს - კერძოდ, სარჩელების შეცვლას, მათ შორის იმ სარჩელების, რომელიც შეტანილი იყო გახმაურებულ საქმეებზე. რატომ იცვლებოდა სარჩელები? რა მიზანი ჰქონდა სარჩელების შეცვლას? იყო კონკრეტული მიზანი, კერძოდ, როგორც ჩანს, წინასწარი შეთანხმება არსებობდა სარჩელის შემომტან მხარესა და საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეს, თუ ცალკეულ მოსამართლეებს შორის...  ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით საკონსტიტუციო ე.წ. რევოლუცია. ეს გეგმა მათ არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ იმიტომ, რომ კონკრეტულმა მოსამართლეებმა თავი დააღწიეს იმ გავლენას და ზეწოლას, რომელშიც ისინი წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ".

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის და ოზურგეთში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "განცდა, რომ შესაძლოა, მზადდებოდა საკონსტიტუციო რევოლუციის სცენარი, არ არის საფუძველს მოკლებული". თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემა მთავარში აღნიშნა, რომ "ხელისუფლება მზად არის რისკებისთვის". ამასთან, შს მინისტრის მოადგილე ეჭვობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ზეწოლაზე განცხადებები იმიტომ გააკეთა, რომ სასამართლოს მიმართ გაჩენილი კითხვებიდან "ყურადღება გადაეტანა" 

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობენ. ტურავას მტკიცებით, ე.წ კაბელების საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი შეიცვალა.

კომენტარები