ტრამპ თაუერი

საქართველოში ტრამპ თაუერის პროექტი შეჩერებულია

ნიუ-იორკის ტრამპ თაუერი
Getty Images

2012 წლის 22 აპრილს, ბათუმში რეგიონში პირველი ტრამპ თაუერის პროექტის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მილიარდერი დონალდ ტრამპი დაესწრნენ. ბათუმში ტრამპ თაუერის აშენების იდეა Silk Road Group-ს ეკუთვნის. პირვანდელი პროექტის მიხედვით, 47-სართულიანი ტრამპ თაუერის მშენებლობა 2013 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო და 2014 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, არსებული მდგომარეობით პროექტის განვითარება შეჩერებულია. 

Silk Road Group-ში აცხადებენ, რომ პროექტის შეჩერების მთავარი მიზეზი არის ის, რომ საქართველოს ბაზარი ამ მასშტაბის პროექტისთვის მზად არაა. იგი მაშინ განახლდება, როდესაც კომპანია დაინახავს, რომ ტრამპ თაუერი კომერციულად გამართლებულ და მომგებიან ინვესტიციას წარმოადგენს.

47-სართულიანი ტრამპ თაუერის საინვესტიციო ღირებულება $250 მილიონია. არსებული კონცეფციის მიხედვით, ამ შენობაში განთავსებული ლუქს კლასის უძრავი ქონების მფლოებელები ბათუმის ვიზიტორი განსაკუთრებით მაღალი შემოსავლების მქონე პირები იქნებოდნენ. იმის გამო, რომ ბათუმს ძირითადად რეგიონიდან (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი) სტუმრობენ, სავარაუდოდ, ტრამპ თაუერის აპარტამენტების მფლობელები სწორედ ამ ქვეყნების მცხოვრებლები იქნებიან. ამ ქვეყნებში კი ეკონომიკური ზრდა შენელებულია, რასაც ლუქს კლასის უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირება მოჰყვა.

კომენტარები