ტრამპ თაუერი

ბათუმში ცათამბჯენს, რომელიც Trump Tower უნდა ყოფილიყო, ივანიშვილის ფონდი დააფინანსებს

Getty Images

ბათუმში $250-მილიონიან ცათამბჯენს, რომელიც Trump Tower-ის ბრენდით უნდა გახსნილიყო, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი Silk Road Grup-თან ერთად ააშენებს. ამის შესახებ Silk Road Group-ისა და თანაინვესტირების ფონდის საერთო განცხადებიდან გახდა ცნობილი. შენობის სახელი Silk Tower-ი იქნება.

თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ისინი Silk Road Group-ის პროექტს ნახევარი წლის განმავლობაში სწავლობდნენ, რის შემდეგაც მისი დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღეს.

"ჩვენ 6 თვეზე მეტი ვმუშაობდით ამ პროექტის შესწავლასა და შეფასებაზე და ვთვლით, რომ მისი განხორციელება როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის. ეს იქნება ფონდის რიგით მეოთხე პროექტი ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით", - ამბობს ბაჩიაშვილი.

Silk Road Group-ის ხელმძღვანელის გიორგი რამიშვილის თქმით კი, ახალი შენობა ბათუმის ეკონომიკურ განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

"ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მეტი ინვესტიციის მოზიდვაში და მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარებაში. ჩვენი პარტნიორია საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რომელიც ამ პროექტის თანადაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას", - ამბობს რამიშვილი.

Silk Road Group-მა ტრამპის ორგანიზაციასთან 2011 წელს დადებული ხელშეკრულება ოფიციალურად 2017 წლის 6 იანვარს შეწყვიტა. ხელშეკრულების მიხედვით Silk Road Group-ი ბათუმის ცათამბჯენისთვის ტრამპის ბრენდს ყიდულობდა.

2012 წლის 22 აპრილს, ბათუმში რეგიონში პირველი ტრამპ თაუერის პროექტის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მილიარდერი დონალდ ტრამპი დაესწრნენ.

47-სართულიანი Silk Tower-ის საინვესტიციო ღირებულება $250 მილიონია. არსებული კონცეფციის მიხედვით, ამ შენობაში განთავსდება ლუქს კლასის საცხოვრებლები, მაღალი დონის სასტუმრო, კაზინო, გასართობი ცენტრი და საკონფერენციო დარბაზები. 

ამჟამად სილქ როუდ ჯგუფი აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებთან, 2018 წელს დასრულდება ტერიტორიის გენგეგმის შემუშავება, ხოლო უშუალოდ "სილქ თაუერის" მშენებლობის დაწყება 2019 წელს იგეგმება.

Silk Tower-ი არის მეორე პრეცედენტი, როდესაც ივანიშვილის ფონდმა წარსულში დაწყებული და ამჟამად შეჩერებული პროექტი ხელახლა დაიწყო. ამის პირველი მაგალითი თბილისში მდებარე Axis Towers-ია, რომელშიც ლუქს კლასის საცხოვრებლები, საოფისე ფართი და სასტუმრო უნდა განთავსდეს.

კომენტარები