რუსთავი 2-ის საქმე

ზარდიაშვილი R2-ზე: გვარამია შოუს დგამს, ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაყოფია

ტელეკომპანია რუსთავი 2

ქართული ოცნების დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი რუსთავი ორის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებებს "დადგმულ შოუს" უწოდებს. ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა გვარამიამ იგი დიდი პალატის მოსამართლეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

„ეს არის გვარამიას ფანტაზიის ნაყოფი. რა ვიცი, რას შევადარო, ცირკში მგონია უკვე თავი. მსახიობია, რა, ადამიანი, რომელიც ფანტაზიის უნარს აღვივებს და რაღაც სასწაულ წარმოდგენებს აკეთებს", - ამბობს ზარდიაშვილი.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას კონსულტაციები რუსთავი ორის საქმეზე ბიძინა ივანიშვილთან ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, ზარდიაშვილი პასუხობს, რომ "ეს ყველაფერი იმ შოუს გაგრძელებაა, რასაც გვარამია დგამს. სრული აბსურდია. ჩვეულებრივი შოუა ეს ყველაფერი. მგონია, ნიჭიერს ვუყურებ".

სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მტკიცებით, დეპუტატ ივანე ზარდიაშვილს უშუალოდ აქვს დავალებული, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგი მიიღოს. გვარამიას თქმით, სამი დღის განმავლობაში, უზენაეს სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება.

"ჩვენთვის ცნობილია ის გარემოება, რომ სასამართლოსთან რამდენიმე ადამიანი აწარმოებს "მოლაპარაკებას" და სინამდვილეში სასამართლოზე ზეწოლას. მათ შორის არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, კანცელარიის წარმომადგენელი პარლამენტში შალვა თადუმაძე, ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე და სასამართლოში ზონდერად ჩასმული ჩინჩალაძე. სამი დღის განმავლობაში, დღეს, ხვალ და ზეგ სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება, ამის განმახორციელებლად არის ახალი ადამიანი არჩეული, ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალების შემსრულებელი ზონდერი ივანე ზარდიაშვილი, რომელიც ეკა ბესელიას მოადგილეა", - ამბობს გვარამია.

უზენაესი სასამართლოს ზეწოლის შესახებ, თავდაპირველად, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, ენმ-ის დეპუტატმა ნიკა მელიამ ისაუბრა. მისი თქმით, სანდო წყაროს ინფორმაციით, "უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს აიძულებენ, 30 ნოემბერს, რუსთავი ორის გადაწყვეტილება ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გამოიტანონ". მელიას ინფორმაცია პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უარყო და აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია თავისი "გუნდის წევრების სისუფთავეში".

22 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ რუსთავი 2-ის საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა.

კომენტარები