რუსეთის ელჩის მკვლელობა

ანკარის მერმა დაადასტურა, რომ რუსეთის ელჩზე თავდამსხმელი პოლიციელი იყო

პირი, რომელმაც რუსეთის ელჩს ესროლა. 2016
haaretz.com

BBC-ის ცნობით, ანკარის მერმა მელიხ გეკჩეკმა დაადასტურა, რომ რუსეთის ელჩზე თავდამსხმელი პოლიციელი იყო. 

რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი სროლის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ანკარაში საელჩოს მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენაზე მოხდა. ელჩს მაშინ ესროლეს, როდესაც სიტყვით გამოდიოდა. კარლოვი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თავდამსხმელს კოსტიუმი ეცვა და სტუმრებს შორის იდგა. როდესაც ელჩმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო, მან Allahu Akbar დაიყვირა და სულ მცირე 8-ჯერ გაისროლა. თურქულმა პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზევე მოკლა.

შემთხვევა, სავარაუდოდ, სირიის კონფლიქტში რუსეთის ინტერვენციას უკავშირდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მომხდარი უკვე დაგმო. ამასთან, Reuters-ი CNN Turk-ზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდარის შესახებ, რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს.

კარლოვი მოვალეობას 2013 წლიდან ასრულებდა.

კომენტარები