ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბაქრაძე: თვეზე მეტია ცნობილია, რომ თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას არ ვაყენებ

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს და ამის შესახებ, ენმ-ში ერთ თვეზე მეტია, იციან. ბაქრაძემ რუსთავი ორის ეთერში თქვა, რომ ამის გამო, მას უკვირს კამპანია, თითქოს ვინმე მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან გაძევებას აპირებს.

"მე მკაფიოდ ვაცხადებ, არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას, როგორც პარტიის თავმჯდომარობის კანდიდატის. პრაქტიკული თვალსაზრისით, ყრილობაზე  უნდა დადგეს თავმჯდომარის არჩევის ან არაარჩევის საკითხი, იმიტომ, რომ ჩვენი წესდებით, ყრილობა ირჩევს პარტიის თავმჯდომარეს. ანუ თუ არჩევა არის ყრილობის პრეროგატივა ანუ არარჩევაც ყრილობის პრეროგატივაა. თუ ამ წესს არ დავიცავთ, მე ვშიშობ, რომ საფუძველს მივცემთ იუსტიციის სამინისტროს, არ დაარეგისტრიროს ყრილობის გადაწყვეტილება და დაგვადანაშაულოს წესდების დარღევვაში, ამით შეიძლება, სამომავლოდ საარჩევნო რეგისტრაციაში შეგვექმნას პრობლემა. ამიტომ უნდა დადგეს ყრილობაზე თავმჯდომარის არჩევა-არარჩევის საკითხი და იმ პირობებში, როდესაც მე არ ვაყენებ ჩემს კანდიდატურას, იმ პირობებში, როდესაც არ იქნება სხვა კანდიდატურა, ასეთ სიტუაციაში, პრაქტიკულად 99%-იანი ალბათობით, ყრილობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თავმჯდომარის ადგილი დარჩეს ვაკანტური" - ამბობს ბაქრაძე და აღნიშნავს, რომ თუ მისი უარის შემდეგ, ვინმე პარტიის თავმჯდომარეობას მოინდომებს, მას დაბალი შანსები ექნება.

"ეს არის ნაბიჯი, რის გამოც მე ცოტა მიკვირს ის კამპანია, რომელსაც ვხედავ, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებას მე ახლა ვამბობ თქვენთვის და თქვენს ეთერში, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც თვეზე მეტია, იციან ჩემმა მეგობრებმა, პოლიტსაბჭოს წევრებმა, მიხეილ სააკაშვილმა. პარტიის შიგნით ეს გადაწყვეტილება თვეზე მეტია, რაც ცნობილია. ამიტომ გაუგებარია, რომ ამის მიუხედავად გრძელდება კამპანია, თითქოს ყრილობაზე ვიღაც აპირებს, მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან გაძევებას. მითხრან, ვინ აპირებს, მაჩვენონ, ვინ აპირებს და მივიღებ ზომებს, რომ არ დააპიროს. ვერავინ ვერ დააპირებს, იმიტომ, რომ თვეზე მეტია, მე მაქვს მყარად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ პარტიის ერთიანობიდან გამომდინარე, არ ვაყენებ თავმჯდომარის კანდიდატურას. ამიტომ, მთელი ეს კამპანია რეალურად არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი და ტყუილზე აგებული" - თქვა ბაქრაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 20 იანვარს გაიმართება.

კომენტარები