ტრამპ თაუერი

ტრამპის ორგანიზაციამ და Silk Road Group-მა ბათუმი ტრამპ თაუერის პროექტი გააუქმეს

ნიუ-იორკის ტრამპ თაუერი
Getty Images

ბათუმი ტრამპ თაუერის პროექტი ოფიციალურად შეწყდა, ამის შესახებ განცხადება დღეს პროექტის დეველოპერმა Silk Road Group-მა გაავრცელა.

Silk Road Group-ის განცხადება

"ტრამპის ორგანიზაცია და სილქ როუდ ჯგუფი ერთობლივად აცხადებენ, რომ ოფიციალურად წყვეტენ ქ. ბათუმში ტრამპ თაუერის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს, რომელიც ხორციელდებოდა 2011 წლის მარტში გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან ტრამპის ორგანიზაცია ადასტურებს თავის ღრმა პატივისცემას სილქ როუდ ჯგუფის და საქართველოს რესპუბლიკის მიმართ. 

სილქ როუდ ჯგუფი, თავის მხრივ, მადლობელია ტრამპის ორგანიზაციის იმ დროისთვის და ყურადღებისთვის, რომელიც მათ დაუთმეს ამ პროექტს და ითვალისწინებს რა შექმნილ ვითარებას, ეთანხმება ამ მოთხოვნას (ტრამპის ორგანიზაციის გათავისუფლებას სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან). სამომავლოდ, სილქ როუდ ჯგუფი გეგმავს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას შავი ზღვის სანაპიროზე ბათუმში და დარწმუნებულია, რომ ეს ღირსშესანიშნავი პროექტი, რომელიც ბატონი ტრამპის მიერ იყო ჩაფიქრებული 2012 წელს საქართველოში სტუმრობის დროს, გააძლიერებს საქართველოს პოზიციას გახდეს საერთაშორისო ტურიზმის მიზიდულობის ერთ-ერთი მიმართულება",- ნათქვამია განცახდებაში. 

2012 წლის 22 აპრილს, ბათუმში რეგიონში პირველი ტრამპ თაუერის პროექტის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მილიარდერი დონალდ ტრამპი დაესწრნენ. ბათუმში ტრამპ თაუერის აშენების იდეა Silk Road Group-ს ეკუთვნის.

47-სართულიანი ტრამპ თაუერის საინვესტიციო ღირებულება $250 მილიონია. არსებული კონცეფციის მიხედვით, ამ შენობაში განთავსებული ლუქს კლასის უძრავი ქონების მფლობელები ბათუმის ვიზიტორი განსაკუთრებით მაღალი შემოსავლების მქონე პირები იქნებოდნენ.

კომენტარები