თავდასხმა

ნიკა გვარამია, რომელსაც თავს დაესხნენ, მთავარ სამმართველოში დაკითხვაზეა

ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზეა. მთავარ სამმართველოში იმყოფებიან თავდასხმისას გვარამიას თანმხლები პირებიც.

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ჯერჯერობით დაუდგენელი პირები თავს 7 იანვრის საღამოს, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან Dining Room-ში დაესხნენ. გვარამიას თქმით, იქ მამის დაკრძალვის შემდეგ, მეგობრების თხოვნით მივიდა.

როგორც გვარამია ყვება, თავდასხმის მომენტში რესტორანში შუქი არ იყო. მისივე თქმით, კარგად ვერ გააცნობიერა, რა ხდებოდა და როდესაც გამოფხიზლდა, უკვე იატაკზე იყო, თუმცა თავდამსხმელების აღწერა რესტორანში მყოფ სხვა ადამიანებს შეუძლიათ.

„ვერც დავინახე, როგორ მოვიდა, ვინ იყო, ან რატომ, წარმოდგენა არ მაქვს, რაღაც ჩამარტყა თავში. გამოვფხიზლდი იატაკზე, ეს მახსოვს, მეტი არაფერი. იმ ადამიანებმა, ვინც ჩემთან ერთად იყო, წინააღმდეგობაც გაუწიეს და მათაც მოხვდათ. მათ ნახეს ეს ხალხი და შეუძლიათ მათი აღწერა, ასევე მიმტანებს, ირგვლივ ანაბეჭდებია, კამერებია“, - ამბობს გვარამია.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა დამნაშავეებმა კანონის წინაშე პასუხი სრულად აგონ.

„მერამდენე შემთხვევა, როდესაც ვაკეში თავს ესხმიან ადამიანებს - დეპუტატებს, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს... იმ მაგიდასთან ბევრი ცნობილი ადამიანი იჯდა და არ აქვს ამას მნიშვნელობა, ცნობილია თუ არა - ამ ქვეყანაში არის ძალადობრივი და ანგარიშსწორების ფონი. ეს უნდა დამთავრდეს. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და როგორც ნიკა გვარამია, პირობას ვდებ - არავითარ ბოდიშს არ მივიღებ, ამ ადამიანებს კანონის ფარგლებში გავუსწორდები მაქსიმალურად, როგორც შემეძლება. ჩავყვები სამარის კარამდე და აუცილებლად დავასჯევინებ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს. მათი იდენტიფიცირება ძალიან ადვილია, მათ ჩაიდინეს საკმაოდ მძიმე დანაშაული - ჯგუფური ხულიგნობა“, - ამბობს ნიკა გვარამია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები