რუსული ოკუპაცია

საგარეო: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთში არქეოლოგიური ძეგლი გაანადგურეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების მორიგ ფაქტს, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული ძეგლების დაზიანებისა და განადგურების პრაქტიკა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსული და აფხაზური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 3 იანვარს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით გაანადგურეს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდასთან არსებული მრავალფენიანი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი - VIII-IX და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევი და ასევე XX ს-ის შუა ხანების პოლონელთა სასაფლაო.

საგარეო უწყება აცხადებს, რომ აღნიშნული უკანონო ქმედება კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეახსენებს რუსეთის ფედერაციას, რომ კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული დაზიანება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, კერძოდ კი "შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის" 1954 წლის კონვენციას, ასევე "კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული განადგურების" შესახებ  UNESCO-ს 2003 წლის დეკლარაციის პრინციპებს", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, UNESCO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და დაცვის მიზნით. 

კომენტარები