ნიკა გვარამიაზე თავდასხმა

კალაძე რატი გაჩეჩილაძეზე: რა, ჩხუბზე უნდა დაეჭირათ?

ტაბულა

"ჩხუბზე რა, უნდა დაეჭირათ?" - ასე გამოეხმაურა ვიცეპრემიერი კახა კალაძე ნიკა გვარამიაზე თავდასხმაში ბრალდებულის რატი გაჩეჩილაძის გირაოთი გათავისუფლებას.

"სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, იღებს აბსოლუტურად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ამას უნდა შევეგუოთ. დამთავრდა ის წლები, ის დრო საქართველოში, როდესაც ერთი ადამიანი და ერთი კონკრეტული პარტია იღებდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. 

ჩვენ შეგვიძლია, გავიხსენოთ გელაშვილის ცემის ფაქტი, დავითაშვილის ცემის ფაქტი და სხვა უამრავი. ასე რომ, სასამართლო იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ჩხუბზე რა, უნდა დაეჭირათ? სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება", - თქვა კალაძემ.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თავდასხმაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლემ ბრალდების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გაჩეჩილაძეს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე შეუფარდა. შესაბამისად, გაჩეჩილაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

რატი გაჩეჩილაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებიან. გამოძიებას მის გარდა არავინ დაუკავებია, მიუხედავად იმისა, რომ გვარამია და სხვა მოწმეები ჯგუფურ ძალადობაზე მიუთითებდნენ. წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება.

ნიკა გვარამიას თავს 7 იანვარს, რესტორან დაინინგ რუმში დაესხნენ, რა დროსაც, ტვინის შერყევა მიიღო. მოგვიანებით, ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ, Facebook-ზე დაწერა, რომ თავდამსხმელი თავად იყო და მარტო მოქმედებდა. მისივე თქმით, "ეს იყო რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან". თავად ლევან გაჩეჩილაძე კი თვლიდა, რომ ხელის დარტყმისთვის მისი შვილი არ უნდა დაეკავებინათ.

კომენტარები