კაპანაძე გაზპრომზე: ჩვეულებრივი მოღალატეობრივი პოზიციაა, მეტი არაფერი

ფრაქცია ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებას "მოღალატეობრივ პოზიციას" უწოდებს. ცნობისთვის, კალაძემ თქვა, რომ გაზპრომთან დაკავშირებით, "გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები საკუთარი უსარგებლობის გადასაფარად დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ". როგორც სერგი კაპანაძე აღნიშნავს, საზოგადოებაში სრული კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით, რომ გაზპრომთან ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდეს.

"- დავიბარეთ კალაძე პარლამენტში. ის ვალდებულია, მოვიდეს. 
- გამოვითხოვეთ ყველა დოკუმენტი, რაც ამ შეთანხმებას ეხება.
- გვქონდა აქცია პერფორმანსი #notogazprom.
- განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა.
- განცხადება გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
- საიამ ასევე გამოითხოვა დოკუმენტაცია.
- არასაპარლამენტო ოპოზიცია ასევე ითხოვს შეთანხმების გაუქმებას.

საზოგადოებაში სრული კონსენსუსია, რომ არ უნდა გაფორმდეს ეს ხელშეკრულება. ამაზე კალაძე პასუხობს, რომ მხოლოდ მარგინალური ჯგუფები არიან უკმაყოფილოო. ჩვეულებრივი მოღალატეობრივი პოზიციაა. მეტი არაფერი", - წერს კაპანაძე facebook-ში.

საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. ენერგეტიკის მინისტრის კალაძის თქმით, ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება. ამასთან, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ Gazrpom-ისგან ფასდაკლებაც მიიღო - იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები დასჭირდება, Gazprom-ი ათას კუბურ მეტრს $215-ის ნაცვლად $185-ად მიყიდის.

მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გასულ წელს საქართველოს გავლით სომხეთს დაახლოებით 2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა, საიდანაც 0.2 მილიარდი საქართველოში დარჩა.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები