საქართველოს პარლამენტი

კობახიძე ბანერის გაშლაზე: არ მაქვს უფლება, გამოხატვის ასეთი ფორმები შევზღუდო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეგლამენტის მიხედვით, არ ჰქონდა უფლება, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დეპუტატებისთვის ბანერის გაშლის შესაძლებლობა არ მიეცა. ირაკლი კობახიძე ასევე ამბობს, რომ გამოხატვის მსგავსი ფორმები კონფრონტაციის გაღრმავებას უწყობს ხელს და ასეთ პრაქტიკას არ მისალმება.

„იყო თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩავრეულიყავი პროცესში და არ მიმეცა უმცირესობისთვის ამ შემთხვევაში ტრანსპარანტის გამოფენის შესაძლებლობა. თუმცა მე განვმარტავ, რომ მოქმედი რეგლამენტი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. მე არ მაქვს უფლება, მოქმედი რეგლამენტის თანახმად, რომ გამოხატვის ასეთი ფორმები შევზღუდო. ერთ კომენტარს გავაკეთებ მხოლოდ, რომ, სამწუხაროდ, ცოტა ხელს უწყობს გამოხატვის ასეთი ფორმები კონფრონტაციული გარემოს ჩამოყალიბებას, გაღრმავებას. ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ დღესაც ვხედავთ. აქედან გამომდინარე, მე ასეთ პრაქტიკას არ მივესალმებოდი. შეიძლება ასეთი რამ განმეორდეს სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ტრანსპარანტები შეიძლება ვიხილოთ და ა.შ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ გამოხატვის ასეთი ფორმები რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ ერთი თუ მეორე მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოსა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის პლენარული სხდომის დაწყებამდე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. უმცირესობის წევრებს უმრავლესობის წევრები სხდომათა დარბაზში არ აშლევინებდნენ ბანერს, რომლითაც დეპუტატები რუსთავი 2-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს აპროტესტებდნენ.

დეპუტატებმა ბანერი წარწერით "არა მედიაზე შტურმს" სხდომათა დარბაზში უკვე გაშალეს.

კომენტარები