გიორგი მამალაძის საქმე

ბოტკოველი: წერილი შესაძლოა მამალაძის იყოს, თუმცა მას შეეძლო პატრიარქს შეხვედროდა

ტელეკომპანია პირველი,

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული წერილი შესაძლოა ნამდვილად დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეკუთვნოდეს, რადგან იქ მოყვანილი საკითხებთან მას ნამდვილად ჰქონდა შეხება. თუმცა, ბოტკოველის თქმით, ბევრი საკითხი დრამატიზებულია და ამ თემების პატრიარქისთვის ამ ფორმით მიწოდება არასწორია, რადგან მამალაძეს ჰქონდა ილია მეორესთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა.

ამის შესახებ მიქაელ ბოტკოველმა ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა.

„ეს თემები ნამდვილად შედიოდა მამა გიორგისთან, მის განსახილველ საკითხთა შორის და თემატიკიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ეს შესაძლებელია იყოს მისი წერილი. ყველა ამ საკითხთან მას შემხებლობა ჰქონდა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი. მაგრამ ამ წერილში ასახული ბევრი საკითხი არის ძალიან დრამატიზებული და ამისი ასეთი ეპისტოლარული ჟანრით პატრიარქისთვის მიწოდება, არასწორად მიმაჩნია. მამა გიორგის ჰქონდა მის უწმინდესობასთან, როგორც სამსახურის უფროსის მოადგილეს, როგორც კლინიკის დირექტორს შეხვედრის შესაძლებლობა. არ იქნებოდა ამისი აუცილებლობა, პატრიარქი არ არის ჩაკეტილი ადამიანი და მასთან რიგითი სასულიერო პირებიც კი თავიანთ კერძო საკითხებზე ხშირად მიდიან და ესაუბრებიან. მით უმეტეს, როდესაც ადამიანი არის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე და კლინიკის დირექტორი, მას ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მოეთხოვა უწმინდესთან აუდიენცია და ამისი პრობლემა არ იქნებოდა. არც ამის ნაკლებობას განიცდიდა ალბათ მამა გიორგი, რადგანაც ის ძალიან ხშირად იმყოფებოდა საპატრიარქოში“, - ამბობს ბოტკოველი.

მისივე თქმით, იცოდა, რომ გიორგი მამალაძეს პატრიარქის ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდა თავისი აზრი და შეფასებები. მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ ამის გამო პატრიარქს შეხვდა და უთხრა, რომ თუ მასთან დაკავშირებით იყო კითხვები, მზად იყო თანამდებობა დაეტოვებინა.

„თუ ეს ნამდვილად მამა გიორგის წერილია, იქ ნამდვილად დავინახე ნაცვალსახელებით მინიშნებები საპატრიარქოს მაღალჩინოსნების საქმიანობასთან დაკავშირებით. მას ძალიან მძიმე ბრალს უყენებენ და ნამდვილად არ მინდა კიდევ უფრო მეტად დავამძიმო რაღაც საკითხები, მაგრამ ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანის მიმართ აკეთებ მინიშნებებს და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ხელში არაფერი არ გიკავია. მე ზოგადად ვიცოდი, ჩვენთან დაკავშირებით მამა გიორგის რომ ჰქონდა თავისი აზრი და შეფასებები, ჩვენს საქმიანობასთან, ანუ პატრიარქის ადმინისტარციასთან დაკავშირებით. მე ვესაუბრე მის უწმინდესობას ამის თაობაზე რამდენიმე თვით ადრე, ალბათ ორი-სამი თვის წინ და შევთავაზე, რომ თუ მას რაიმე მოახსენეს ამასთან დაკავშირებით და ქონებასთან ჩვენ რამენაირად შეიძლება ვიყოთ დაკავშირებულები, დღესვე მზად ვიყავი დამეტოვებინა თანამდებობა. 14 წელია მისი უწმინდესობის მდივანი გახლავართ და 14 თვე არ ყოფილა არავინ მისი მდივანი. მისი უწმინდესობის მდივნობა საპასუხისმგებლოცაა და ძალიან დიდი პატივიც. ამიტომ ვამბობ, რომ თუ მას მიაწოდეს ინფორმაცია ჩემი სამსახურის საქმიანობის შესახებ, უწმინდესს ექნებოდა სურვილი, რომ ჩემთვის მოეცა ან შენიშვნა, ან როგორც მინიმუმ, გავეთავესუფლებინე თანამდებობიდან. მან მითხრა, რომ უნდა გავაგრძელო საქმიანობა, რასაც აქამდე ვეწეოდი“, - ამბობს პატრიარქის მდივანი.

აღსანიშნავია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს, რომ მან რამდენჯერმე მიმართა წერილით წმიდა სინოდს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ მამა გიორგი კონკრეტულად გუშინ გავრცელებული წერილის ავთენტურობას ვერ ადასტურებს, რადგან მის შინაარსს არ გასცნობია.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა წერილი, რომელიც, წყაროს მტკიცებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წმიდა სინოდის ბოლო სხდომამდე გაუგზავნა და რომელიც საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ დარღვევებს ეხება. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან, მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

საქმესთან დაკავშირებით მალევე გააკეთეს განცხადებები ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა. პრემიერმინისტრის თქმით, "აღკვეთილია ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა". ვიცეპრემიერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ თავიდან იქნა აცილებული "უმძიმესი დანაშაული სრულიად სახელმწიფო წინაშე". 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მთავრობისა და პარლამენტის მაღალჩინოსნები დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმციას უხეშად არღვევენ. HRIDC შეშფოთებულია ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებებით. ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეახსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის თანახმადაც, უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლების შემადგენელ უმნიშვნელოვანეს პრინციპს.

კომენტარები