თბილისის მერია

თბილისის მერია მოსამართლის ძმისთვის ქონების გადაცემის მიზეზებს განმარტავს

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერია არასამთავრობოებს პასუხობს და მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის გარემოებებს ასაჯაროვებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის მერიასა და საკრებულოს მიმართეს და მოსთხოვეს მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის დასაბუთება და საზოგადოების ინფორმირება გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ.

"2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში ჭარბი ნალექის მოსვლისა და მეწყერის ჩამოწოლის გამო მოხდა სტიქიური უბედურება. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლის, ასევე, შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით, უწყებათაშორისი კომისიის მიერ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან ჩატარებული კვლევების საფუძველზე, დადგინდა სტიქიური უბედურების ზონა, სადაც ცხოვრება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველია. სტიქიური უბედურების ზონაში მოექცა N01.14.14.002.092 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, რითაც სრულად შეიზღუდა მისი სამშენებლო განვითარება. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ მიწაზე სტიქიის პერიოდში მოქმედებდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (საზოგადოებრივ-საცხოვრებელი ფუნქციის ობიექტის განთავსების შესაძლებლობის დადასტურებით)", - წერია განცხადებაში.

მერიის ცნობით, კანონით არ არის განსაზღვრული ვადა, რა ვადაშიც შესაძლებელია განხორციელდეს ქონების ჩამორთმევა და ანაზღაურება.

"საქართველოს ორგანული კანონის "საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" მე-2 მუხლის თანახმად, გადაუდებელ აუცილებლობას სხვა გარემოებებთან ერთად განეკუთვნება სტიქიური უბედურება. კანონით არ არის განსაზღვრული ვადა, რა ვადაშიც შესაძლებელია განხორციელდეს ქონების ჩამორთმევა და ანაზღაურება, რაც ლოგიკურია, ვინაიდან კანონმდებელმა აღნიშნული დაუკავშირა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვა ობიექტური ფაქტორის არსებობას. ის გარემოება, რომ ანაზღაურება უნდა იყოს წინასწარი და სამართლიანი, გამორიცხავს ქონების ჩამორთმევის მყისიერ შესაძლებლობას, ვინაიდან, აღნიშნული ქმედება დაკავშირებულია შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვასთან", - წერია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ სტიქიით დაზარალებულთა დახმარება მუნიციპალიტეტის მიერ, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, წარმოებდა ეტაპობრივად. ასევე, ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, საკუთრების ჩამორთმევა დაეფუძნა არა იმწუთიერ საფრთხეს, არამედ იმ გარემოებას, რომ შესაბამის პირობებში, სტიქიის ზონაში მოხვედრილი ტერიტორია თავისთავად არის ამგვარი საფრთხის მატარებელი, რაც ზღუდავს ან გამორიცხავს ქონების სამომავლო განვითარებას.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 2013 წლის 24 დეკემბერს სს "საქართველოს ბანკსა" და ზვიად ნაზღაიძეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულებით ზვიად ნაზღაიძეს ხელშეკრულების საგანზე გადაეცა შესყიდვის ოფცია. მათივე ცნობით, შესყიდვის ოფცია საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2014 წლის 3 იანვარს და რეგისტრირებული იყო 2015 წლის 3 ნოემბრამდე, მათ შორის, სტიქიის პერიოდშიც. განცხადებაში წერია, რომ "საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი".

დედაქალაქის მთავრობის განცხადებაში განმარტებულია, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულების თავდაპირველი ვადის მიუხედავად, ოფციის უფლება არსებობდა აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგაც, რადგან, მხარეებს მისი გაუქმების მოთხოვნით საჯარო რეესტრისთვის არ მიუმართავთ.

"მიუხედავად მხარეებს შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული თავდაპირველი ვადისა, უტყუარად დადგენილი გარემოებაა, რომ ოფციის უფლება არსებობდა აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომაც, აღნიშნული დასტურდება იმ ფაქტობრივი გარემოებითაც, რომ ოფციის მხარეებს არ მიუმართავთ საჯარო რეესტრისთვის მისი გაუქმების მოთხოვნით და მეტიც, 2016 წელს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლითაც ბანკმა ქონება გადასცა ნაზღაიძეს, საფუძვლად დაედო მხარეებს შორის მანამდე არსებული - 2013 წლის 24 დეკემბრის ოფციის ხელშეკრულება. კერძოსამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება სამოქალაქო კანონმდებლობით, რომლითაც დაშვებულია კერძო პირებს შორის ნებისმიერი გარიგების არსებობა, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონს.

ამასთან, გადაწყვეტილების მიღების მომენტში ზვიად ნაზღაიძე წარმოადგენდა ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრეს, შესაბამისად, უძრავი ნივთის სამართლებრივი ბედის განსაზღვრისას (მესაკუთრისთვის ჩამორთმევა), ადმინისტრაციული ორგანოსთვის მნიშვნელოვანი იყო უფლებამოსილი პირის - მესაკუთრის გამოვლენა შესაბამისი ფუნქციურ-სამართლებრივი ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ მონაცემებზე დაყრდნობით და არა მხარეებს შორის არსებულ, კერძოსამართლბრივ ურთიერთობათა შინაარსის კვლევა", - წერია განცხადებაში.

მერია ჩამორთმეული ქონების ღირებულების შეფასებასთან დაავშირებით ამბობს, რომ ქონების ჩამორთმევისას ანაზღაურება უნდა იყოს სამართლიანი და სრული. დედაქალაქის მთავრობისვე ცნობით,  იმის გამო, რომ ტერიტორია მოქცეულია სტიქიის ზონაში და ქონება შეუსაბამო აღმოჩნდა შემდგომი სამშენებლო განვითარებისთვის, მისი ჩამორთმევისას მერიამ იხელმძღვანელა უძრავი ქონების სტუქუამდე არსებული ღირებულებით, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა. მათივე განმარტებით, ამ ღირებულების შეუთავაზებლობა, სამართლიანი და სრული ანაზღაურების პრინციპის დარღვევა იქნებოდა.

"ამდენად, 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის არეალში მოქცეული უძრავი ქონების ჩამორთმევის პროცესში, მნიშვნელოვანია თავად უძრავი ნივთის ფაქტობრივი მდებარეობა და სამართლებრივი ბედი და არა გადაწყვეტილების სუბიექტი, რომლის მიმართაც ხორციელდება საკუთრების ჩამორთმევა.

მერიის განცხადებაში წერია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას, მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გამჭვირვალობის, თანაზომიერების, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით", - წერია განცხადებაში.

თბილისის საკრებულოში მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის, ზვიად ნაზღაიძისთვის, ქონების გადაცემის განკარგულების გაუქმებაზე მსჯელობენ. ოპოზიცია 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულების გაუქმებასთან ერთად, კომპენსაციის გაცემის წესში ცვლილებასაც ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ამ ცვლილებას საკრებულო დაამტკიცებს, კომპენსაციით ისარგებლებს კიდევ 13 დაზარალებული ოჯახი.

კომენტარები