თბილისის მერია

მერია: საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ხელოვნურად ცდილობენ აჟიოტაჟის შექმნას

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერიის განცხადებით, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ხელოვნურად ცდილობენ აჟიოტაჟის შექმნას. ცნობისთვის, დეპუტატების თქმით, მათ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

"გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეპუტატები ხელოვნურად ცდილობენ აჟიოტაჟის შექმნას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, დაესწროს დედაქალაქის მთავრობის სხდომას, თუ სხდომა წინასწარ არ არის გამოცხადებული დახურულად და, შესაბამისად, საკრებულოს წევრებსაც მიეცათ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დეპუტატებს თბილისის მერიისთვის სხდომაზე დასწრების მოთხოვნით წინასწარ არ მოუმართავთ, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს წევრებს სურვილი ჰქონდათ დასწრებოდნენ სხდომას, საკითხი შეთანხმდა მთავრობის წევრებთან და მათ ამის საშუალება მიეცათ.

მიუხედავად ამისა, დეპუტატები სხდომას არ დაესწრნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი ქმედება მხოლოდ და მხოლოდ მედიისა და საზოგადოების წინაშე შოუს მოწყობას ემსახურებოდა", - აცხადებს მერია.

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა მერიის შენობა უკვე დატოვეს. ოპოზიციონერ დეპუტატებს მერიის უსაფრთხოების სამსახურმა განუცხადა, რომ მერიაში შეუშვებდნენ, თუმცა საკრებულოს წევრებმა განაცხადეს, რომ უკვე დაგვიანებულია და ახლა მერიაში აღარ შევლენ. დამოუკიდებელი დეპუტატის სევდია უგრეხელიძის თქმით, მერიამ დაარღვია კანონი, რადგან დეპუტატები მთავრობის სხდომაზე არ შეუშვა მაშინ, როცა ისინი შესვლას ცდილობდნენ. დეპუტატ ალეკო ელისაშვილის თქმით კი, "სულ რომ სასეირნოდ და ყავის დასალევად ვიყოთ მოსული, მაინც არ აქვთ უფლება, საკრებულოს დეპუტატები არ შეუშვან".

კომენტარები