ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: ბოლნისში რუსულნომრიან მანქანებს, სავარაუდოდ, სამხედრო ტექნიკა გადააქვთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ამ წუთებში ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნებით სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან, რომლებსაც, სავარაუდოდ, სამხედრო ტექნიკა გადააქვთ. ბრიფინგი პარტიის ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გამართა. მისი თქმით, ტვირთი, სავარაუდოდ, სომხეთის მიმართულებით მიდის.

"გვინდა, მივმართოთ, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, სასწრაფოდ გამოკვლიონ, თუ რა დანიშნულების არის ეს ტვირთი. იმიტომ, რომ ჩვენი რამდენიმე მეგობარი, რომელიც ამ წუთას იქ იმყოფება, გვეუბნება, რომ ეს, უდიდესი ალბათობით, არის სამხედრო ტექნიკა.

ხვალ არის უშიშროების საბჭოს სხდომა და ვფიქრობ, აუცილებელია ამ საკითხის იქ დაყენება. ტვირთი გადაადგილდება, სავარაუდოდ, სომხეთის საზღვრისკენ. როგორც მცოდნე ადამიანები მეუბნებიან, დიდი ალბათობით, ეს არის სამხედრო ტექნიკა, ე.წ. ბუკის დანადგარი", - თქვა წიკლაურმა.

კომენტარები