ეკონომიკური ზრდა

სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ ერთხელ შეამცირა

საერთასორისო სავალუტო ფონდი
Reuters

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ფონდის მისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო საგარეო შოკიდან იმაზე ნელა გამოდის, ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდევი.

2017 წელს IMF საქართველოსთვის 3.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ეს საქართველოს მთავრობის მიერ სამიზნე ზრდად განსაზღვრულ 4%-ზე ნაკლებია. ეს სავალუტო ფონდის მიერ 2017 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის უკვე მეორე შემცირებაა. 

2016 წლის ოქტომბერში ფონდი საქართველოსთვის 5.2%-იან ზრდას ვარაუდობდა, თუმცა უკვე ნოემბერში ფონდმა ზრდის პროგნოზი 4%-მდე შეამცირა. ახლა კი ეს მაჩვენებელი 3.5%-მდე დავიდა.

IMF-მა დღეს გავრცელებული განცხადებით საქართველოს ასევე ახალი, $285 მილიონიანი პროგრამა დაუმტკიცა. პროგრამა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმისა და სტრუქტურული რეფორმების გატარების მხარდასაჭერადაა მიმართული.

"სტრუქტურული რეფორმები: ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის დივერსიფიცირებას, და ინკლუზიურ ზრდას. კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმასთან ერთად შეკრებს ადგილოვრივ დანაზოგს და ხელს შეწუყობს კერძო სექტორის მიერ ინვესტირებას. განათლების რეფორმა გაზრდის სამუშაო ძალის პროდუქტიულობას და ხალხის უნარ-ჩვევებს შეუსაბამებს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს. მმართველობის გაუმჯობესება და კონკურენციის ზრდა საქართველოს ეკონომიკას განუმტკიცებს მზარდი ბაზრის სტატუსს", - წერია განცხადებაში.

2016 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა, მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

კომენტარები