ეკონომიკური ზრდა

სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

საერთასორისო სავალუტო ფონდი
Reuters

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ფონდის მისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო საგარეო შოკიდან იმაზე ნელა გამოდის, ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდევი, რის გამოც 2016 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წარსულში პროგნოზირებული 3.4%-ის ნაცვლად 2.7% იქნება. 

ფონდმა 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც შეამცირა, წინა პროგნოზის მიხედვით, 2017 წელს ზრდა 5.2% უნდა ყოფილიყო, განახლებული პროგნოზით კი ზრდა 4% იქნება.

IMF-ის შეფასებით, 2016 და 2017 წლებში ეკონომიკურ ზრდასთან ერთად დაბალი იქნება ინფლაციის მაჩვენებელი. ფონდი წელს 2%-იან, 2017-ში კი 3%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. 

IMF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი იყო ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მასშტაბურ პროგრამაზე, რის განხორციელებასაც მთავრობა ტურიზმისა და ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით გეგმავს. 

"სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს მთავრობის წევრებთან მათი საშუალოვადიანი გეგმები განიხილა, მათ შორის განხილულ იქნა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტიც. მთავრობა გეგმავს ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, რათა ხელი შეუწყოს ტურიზმსა და ვაჭრობას, ამავდროულად იგეგმება ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება. მთავრობა ასევე გეგმავს სტრუქტურული რეფორმების პაკეტის იმპლემენტაციას, რომლებიც ქვეყანაში დანაზოგების დონის ზრდას შეუწყობს ხელს. მთავრობამ ასევე წარმოადგინა ქვეყნის ეკონომიკაში ლარის როლის ზრდის ხელშეწყობისთვის დაგეგმილი პროექტები. 

ფონდი საქართველოს მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და კერძო სექტორს მადლობას უხდის ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის", - წერია IMF-ის განცხადებაში.

კომენტარები